პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

„გურული ესკიზები“. როგორ ნიშნავენ თანამდებობის პირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

Nusagi

არც მეტი და არც ნაკლები, რეალობა ასეთია — პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიცია პოზიციაზე ძლიერია. პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსებისათვის ეს პროცესი დაუსრულებელ სალაყბო თემად იქცა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის შექმნილი რეალობა სერიოზული განსჯის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების მიმართ მოჭარბებული კრიტიკული დამოკიდებულებით იპყრობს ყურადღებას, რიგ საკითხებში ახალი ხელისუფლების მხრიდან გატარებული პოლიტიკური და საკადრო პოლიტიკა ვეღარ უძლებს კრიტიკას. ამ პატარა ლანჩხუთიდან გლობალურ პოლიტიკაზე საუბარი, შესაძლო, უადგილოდაც მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა არც უთქმელობა ივარგებს…
ამბობენ, რომ ცხოვრების მაჯისცემას ზუსტად და დროულად ჟურნალისტები გრძნობენო… მიუხედავად ამისა, არის ფაქტები, რომლის წამოწევას ან საზოგადოების წინაშე გამოტანას ხანდახან ვერიდებით-ხოლმე, სწორედ იმიტომ, რომ ისედაც დაძაბული ყოფა კიდევ უფრო არ გავამუქოთ და საზოგადოება მეტად არ გავაღიზიანოთ, თორემ დანახვით ყველაზე პირველები ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ… მარტო ლანჩხუთში რომ იყოს გასარღვევი ეს მოჯადოებული წრე, მოვახერხებდით რაიმეს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბითაც რომ ვერ იქნა და ვერ დალაგდა სიტუაცია?!
ყველა შემთხვევაში საზოგადოების ყურადღება მიმართულია იქითკენ, თუ რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება. ალბათ ამიტომაცაა დაუსრულებელი რიგები მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტთან, ნემსს ვერ ჩააკვეხებთ მის მისაღებში. იმ მოსახლეობის ნომერ პირველ პრობლემად, რომელმაც გამგებლად ზაზა ურუშაძე აირჩია, დასაქმება და მძიმე სოციალური მდგომარეობა რჩება. როგორც ჩვევია, ბატონი ზაზაც თავაზიანი მიღებითა და მოქარგული ენით ისტუმრებს მასთან დასახმარებლად მისულთა არმიას, რომლებიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ რიგში დგებიან ტკბილი დაპირების მოსასმენად… როცა ბიუჯეტი ცარიელია, ცენტრიდან ქამრებს გიჭერენ და შესაბამის მითითებებს გაძლევენ, ტკბილი დაპირებაც საქმეში ითვლება დღეს…
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გაზრდილი უფლებების მიუხედავად, ბატონი გამგებელი სულაც არ ჩქარობს სამსახურებისა და თანამშრომლების დაკომპლექტებას, ალბათ კონკურსის გამოცხადებას ელოდება. ისე, დროდადრო ჟონავს ინფორმაციები, თუ ვინ და ვის დასანიშნად ურეკავს-ხოლმე. დროდადრო ცნობილი ხდება პროტეჟეების შესახებაც… რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ხელაძეს, რომელიც ამავე დროს პარტია ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ისე აირჩიეს (თუ დანიშნეს!) პარტიაში არ მიუღიათ, ნაკლებად იტკიებს თავს დაპირებების გასაცემად, როგორც ცნობილია, მის სიფრთხილეს საზღვრები არა აქვს, თანაც ცდილობს მწვავე ოპონენტებს ,,დაუმეგობრდეს“…
ახლა რაც შეეხება სხვა რეორგანიზაციულ საკითხებს. როგორც ამბობენ, თანამდებობებისთვის ბრძოლა და ომი პოლიტიკაში მოსული ამბავია. მაგრამ ამ ბრძოლას მწვავე ფორმა და ბრახა-ბრუხი ახლავს, თუკი ომს უწიგნურები აცხადებენ…
შეიძლებოდა ერთი-ორი ხმაურიანი ფაქტის განსჯა, მაგრამ ჩვენი გაზეთის მკითხველებს მაგაზე ვერ მოვაცდენთ!
ეს ამბავი კი ნამდვილად უნდა მოგიყვეთ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, ერთ კაცს თურმე გამგებლის მოადგილეობა ისე ძალიან სურს, პარლამენტარ თემურ ჩხაიძისთვის დაურეკავს, თუ არ დამნიშნავთ, ზაზა ურუშაძეზე ყველაფერს ვიტყვიო. ზოგმა თქვა, მაგის ჩიტია მამათელი ურუშაძე, სადმე კვალი დაეტოვებინაო, ზოგმა თქვა, არიქა, თქვი, იქნება გვეშველოსო.
ხო, რამდენიმე ამბავი მაქვს კიდევ — კულტურის ცენტრს რომ რამდენიმე სამსახური უერთდება, ცნობილი ამბავია (რეორგანიზაციააა!). ქალაქში ამბობენ, ამ გაერთიანების ხელმძღანელად გია ნაჭყებიას ნიშნავენო, ბატონი გია გაკვირვებული დარჩენიალა, მუსიკაში მე ვერ ვერკვევი და კულტურის ცენტრში რა მინდაო. სამაგიეროდ, ფინანსებში ერკვევიო, უპასუხიათ…

საფეხბურთო კლუბიდანაც მოდის ამბები, ამბობენ, ბატონი ფაცურია ეკონომიკური სამსახურის უფროსად ინიშნებაო, ამბობენ იქ მეტყევე ნუგზარ ჩხაიძე მოიაზრებაო, საკრებულოს აპარატის უფროსის სავარძლისთვისაც ყოფილა მცირე ბრძოლები…
ამასობაში კი ისეთი წყალდიდობა იყო ჩვენს რეგიონში, ღვთისმშობლობა დღეს ლამის წაგვლეკა. ილია მეორის თხოვნით 21 სექტემბერს 12 საათზე მთელმა საქართველომ ლოცვა წაიკითხა.
ნუთუ ასე ძნელია იმის შეგნება, რომ მხოლოდ რწმენა და სიკეთე გადაგვარჩენს?!
კესო მახარაძე, სააგენტო „ფოსტალიონის“ კორესპონდენტი გურიაში

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: