საზოგადოება

ცოლზე მოძალადე ქმარი ძალოვანი უწყების მაღაჩინოსანი აღმოჩნდა

Nusagi

“ილიაუნში” მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტის წევრების გამოხმაურებას ცინიკური უნდა დავარქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს კი ისეთივე უსუსური, როგორც ეს უწყება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში იქცევა. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოჯახური მკვლელობების ორწლიან, საშინელ სტატისტიკაში ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებს ეძებს და რატომღაც არ აინტერესებს, პოლიციაში მრავალჯერადი გაცხადების შემდეგ, ადამიანები კვლავ დაუცველნი რატომ არიან?! პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მაღალი ტრიბუნიდან კანონის გამკაცრებას ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე~ ითხოვს… სამართალდამცავებიც კანონზე იწმენდენ ხელებს და პასუხიმგებლობას ასე იცილებენ თავიდან. უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას კანონის გამკაცრება ვერ უშველის და სად, ვისთან უნდა ვეძებოთ საშველი, იმას აღარ გვეუბნება. საშინელებაა ეს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ ძალადობის მსხვერპლი _ ქმრებისგან მოკლული თუ დასახიჩრებული ქალების ცოდვა ჩვენი პარლამენტარების, სამართალდამცავებისა და ხელისუფლების უგულო წევრების კისერზეა. მათი, თუნდაც უნებური ხელშეწყობით, დღეს, ქვეყანაში ქალებზე ძალადობა ფრთაგაშლილია. ქმრებისგან, თუ ყოფილი მეუღლეებისგან დასახიჩრებული და მოკლული ქალების რიცხვი კი, ყოველდღიურად იზრდება. საზოგადოება კითხვას სვამს: ვინ იქნება შემდეგი?!
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი, მანანა ფურცხვანიძე გვეთანხმება, რომ ამ კუთხით, კანონდებლობაში სერიოზული ხარვეზებია, თუმცა თუ ქალი თავად გადაწყვეტს აგრესორისგან გათავისუფლებას, ადრე თუ გვიან, დიდი ბრძოლით, ამას მაინც მაიღწევსო. თუმცა ესილიაუნში~ მომხდარ ტრაგედიაზე ნამდვილად არ ითქმის.
მანანა ფურცხვანიძე:
_ ეს ფაქტები საკმაოდ ცუდ პროგნოზს გვაკეთებინებს. შეიძლება მხოლოდ შემთხვევითობამ გადაარჩინოს ქალი, ანუ ძალადობის მსხვერპლი სიკვდილს. როცა წლების განმავლობაში ის ხმას არ იღებს იმის შესახებ, რომ გვერდით მოძალადე ჰყავს, დგება უარესი შედეგი. ათასგვარი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ძალადობს მამაკაცი ქალზე. ხშირად ისინი არიან ალკოჰოლდამოკიდებულები, ნარკოდამოკიდებულები და მათი ფსიქიკა ამის გამო დაზიანებულია, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ, გაუკონტროლებელი რჩება მათი ქცევები და ქმედებები. თუმცა არის ფაქტები, როცა სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ისეთი ფორმებით ძალადობს ქალის მიმართ, მისი ხარისხი შოკში ჩაგაგდებთ. საქმე იმაშია, რომ ძალადობას არც სოციალური და არც კიდევ ეკონომიური მდგომარეობა არ განსაზღვრავს. დაბალმა სოციალურმა ფონმა ასეთი შემთხვევები უფრო მეტად გამოავლინა, თუმცა არის ოჯახები რომელთაც არა აქვთ ეკონომიური პრობლემები, მაღალ სოციალურ ფენას ითვლებიან, თითქოს მაღალი კულტურის მატარებელნი უნდა იყვნენ, მაგრამ მათგანაც ხშირად ხდება ხოლმე ძალადობის გამოვლენა. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ადამიანი წარმატებულია თავის საქმეში, ხელოვანია, მეცნიერია, პოლიტიკოსია, მაგრამ ქალის მიმართ სასტიკი ფორმებით ძალადობს. ცნობილ ადამიანებშიც ბევრია მოძალადე, თუმცა ეს ამბავი ოჯახს დაფარული აქვს. რამდენიმესახოვანი ადამიანებიც არიან, რომლებიც ხალხში მშვიდი, და გაწონასწორებულები ჩანან, ოჯახში კი აგრესორები და მოძალადეები ხდებიან. იყო შემთხვევა, როცა ძალადობის მსხვერპლი ქალის დედა გვეუბნებოდა, ჩემი სიძე არაჩვეულებრივი, კარგი ადამიანი, მეგობარი, თანამშრომელი და თამადაო. ამ დროს, მისი ქალიშვილი ჩვენთან სასტიკად ნაცემი, უამრავი ფიზიკური ტრამვით მოვიდა.
_ მოძალადე ადამიანები შეიძლება ფსიქიური პრობლემების მქონეთა კატეგორიად მივიჩნიოთ?
_ მათზე კვლევა რომ ჩატარდეს, შეიძლება არ აღმოჩნდნენ ფსიქიური პაციენტები, მაგრამ ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ხშირი მოქმედება ანგრევს ფსიქიკას, სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ნერვულ სისტემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ფსიქიკურად არიან ავად. ძალადობის მსხვერპლ ქალებს კი, უფრო ხშირად ათავსებენ ხოლმე ფსიქიკური აშლილობებით საავადმყოფოში. ერთ ქალს ქმარი ცხოვრების მანძილზე სცემდა, საშინლად უსწორდებოდა, განსაკუთრებით თავის არეში აყენებდა ტრამვებს, თუმცა ისე პროფესიონალურად აკეთებდა ამას, რომ კვალს არასდროს ტოვებდა. ქალს დაეწყო ფსიქიკური პრობლემები და მისმა მშობლებმა სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. ცხადია ვერ დადგინდა ფსიქიკური აშლილობა მას მეუღლის ძალადობის შედეგად რომ დაემართა და შესაბამისად, მოძალადეც არ დასჯილა. ასე, რომ მოძალადემ გვერდით მყოფი ადამიანი შეიძლება არ მოკლას, მაგრამ სიკვდილი ანატრებინოს. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მსხვერპლი იმდენად უსუსურია მოძალადის წინაშე, რომ ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს. სამწუხაროდ, მოძალადეს ჩვენი კანონი არ სჯის და ის არის მხოლოდ პრევენციული ხასიათის. დასჯა ხდება მხოლოდ შემაკავებელი და დამცავი ორდერების შემდეგ, ანუ დანაშაულის მრავალჯერადი განმეორებისა და მსხვერპლისგან მისი გაცხადების შემთხვევაში. როცა ამ ნორმებს მოძალადე არღვევს, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით ისჯება, მერე კი სისხლის სამართლის კანონმდებლობით. დამცავი ორდერი კი არის სასამართლოს გაფრთხილება, რომ გარკვეული ქმედებები აღარ ჩაიდინოს.
_ მოძალადის გაფრთხილებებით შეჩერება რომ წარმოუდგენელია, ბოლო ტრაგიკული შემთხვევიდანაც გამოჩნდა. ნუთუ არ დადგა დრო, რომ ეს არაფრისმომცემი კანონები შეიცვალოს?
_ სასამართლო, გაფრთხლების დროს მიუთითებს მუხლებს, მას თუ დაარღვევს და მსხვერპლს კიდევ მიაყენებს ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მასთან კიდევ დაამყარებს რაიმე სახის კონტაქტს, ჩაითვლება, რომ კანონი დაარღვია და ადმინისტრაციული წესით დაისჯება.
ხშირ შემთხვევაში მოძალადე გამბედავი და ვაჟკაცი არის მხოლოდ მსხვერპლთან, ანუ იმ დროს, როცა ამის შესახებ არავინ იცის. როგორც კი მისი საქციელი გამჟღავნდება და მსხვერპლი მიმართავს დაცვის საშუალებებს, ის მხდალი და მშიშარა ხდება. ერთი-ერთი ასეთი მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა. მისმა ცოლმა საშველად ჩვენ მოგვაკითხა. ეს კაცი სამსახურშიც მოგვივარდა და განრისხებული ყვიროდა, როგორ გაბედა აქ მოსვლაო? პატრულს გამოვუძახეთ, რის შემდეგაც ის რბილი და მორჩილი გახდა. სასამართლოსა და სამართალდამცავი სისტემის წინაშე ასეთი მოძალადეები ხშირად ვერ არიან ისეთი ამაყი და გამბედავები, როგორც ოჯახში. ვინც მოძალადეს უთმობს, ეცოდება, ვერ იმეტებს პოლიციაში მისაყვანად, ის მოძალადის მარწუხებს თავს ვერასდროს დააღწევს. მოძალადის ფსიქოლოგია ასეთი: მას სჭირდება ობიექტი, ვიზედაც ძალადობას განახორცელებს, ეძებს სუსტ ადამიანს და გაძლიერებული, ცხადია არ მოეწონება.
შემაკავებელი ორდერი ამ ეტაპისთვის თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება, თუმცა ორდერიც მხოლოდ ერთი თვით გაიცემა. ამ დროში თუ არ მოხდა ძალადობის განმეორება, ორდერი ძალას კარგავს და პროცესები კვლავ თავიდან იწყება. ეს წესი გადმოტანილია უცხოური პრაქტიკიდან, თუმცა მოძალადისთვის ერთი თვე კი არა, ერთი წელიც არ არის საკმარისი გამოსასწორებლად. უცხოეთში მოძალადეებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს. იქ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები მჭიდრო კავშირში არიან და ერთად მუშაობენ მსხვერპლთან და მოძალადესთან. მოძალადის გადაყვანა ამ ცენტრებში იძულებით ხდება _ სასამართლოს ან პოლიციის გადაწყვეტილებით. იქ გადიან თერაპიულ, ფსიქიატრიურ თუ სხვა სახის მკურნალობის კურსს. ამის მერე მართლა არსებობს შანსი მათი გამოსწორების. ჩვენი კანონმდებლობა კი ასეთი რამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ამაზე უნდა იმუშაოს პარლამენტმა, თუ უნდათ, რომ მდგომარეობა მართლა გამოსწორდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: