Advertisements

დღის ფრაზა: „აფრიკაში ებოლა მძვინვარებს, საქართველოში ქმარი“

[google-translator]

 

„აფრიკაში ებოლა მძვინვარებს, საქართველოში ქმარი“, „ცოლი წითელ წიგნში შესატანი გახდება“, „ ახალი აქცია საქართველოში: ცოლი უნდა მოკლა და მერე სამი მეგობარი გამოიწვიო“ _ ეს დღევანდელი საზოგადოებრივი ფეისმარგალიტებია. „წელს კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა დაწინაურდა“ _ ეს კი იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი ფრთიანი გამონათქვამი ოჯახური ძალადობის ახალ ფაქტებზე, რომელიც კახეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. ფეისზე თბილისის საკრებულის წევრი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის კომენტარიც დევს, რომელიც წულუკიანისეული ცინიზმს არ ჰგავს:
„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ერთგვარი გამოწვევაც ქართული საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის. ყველაზე არასწორი ქმედება ჩვენის მხრიდან იქნება: “ასეთი რაღაცეები ყველგან ხდება”, “2011 წელს უფრო მეტი ქალი მოკლეს” და ა.შ. ტიპის გამპრავებელი დისკურსით ლაპარაკი. როდესაც ძალიან მოკლე პერიოდში ოცდასამი შემთხვევაა მკვლელობის და მკვლელი ან ქმარია, ან ყოფილი ქმარი, აქ უკვე შეუძლებელია ვილაპარაკოთ შემთხვევითობაზე. აქ აშკარად ტენდენციასთან გვაქვს საქმე. თუმცა, პრობლემის აღიარება ერთია და ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება მეორე… ეს არ არის ადვილად გადასაჭრელი პრობლემა, რადგან საქმე გვაქვს სოციალ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების ნამდვილ გორგალთან. ამიტომ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთდროულად რამდენიმე ფრონტის გახსნა.კერძოდ: ა) ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ უფრო ქმედითი და ეფექტიანი კანონმდებლობის შემუშავება.ბ) სპეციალური საგანმანათლებლო ტრეინინგების ჩატარება სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა პოლიციელები უფრო პასუხისმგებლობით მიუდგნენ ოჯახური ძალადობის შემთხვევებს.გ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უბნის ინსპექტორების პრევენციულ საქმიანობას. მათ შეუძლიათ აღრიცხონ და კონტროლზე ჰყავდეთ ის ოჯახები, სადაც კონფლიქტები ხშირად ხდება. ცხადია ეს დელიკატური საქმეა, მაგრამ დელიკატურობასთან ერთად, ყველა მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ სახელმწიფო ძალიან მკაცრად უდგება ამ საკითხს.დ) გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესია გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება და პროპაგანდა საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით. ეს განსაკუთრებით ეხება სკოლას. მხედველობაში მაქვს როგორც სპეციალური პროგრამები, ისე ჰუმანიტარული საგნების (ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება) სასწავლო გეგმებში აღნიშნული პრინციპების შეტანა და, რასაკვირველია, შესაბამისი სულისკვეთების მასწავლებლების მომზადება. პირველ ეტაპზე ალბათ უფრო ადვილად მოხერხდება სამოქალაქო განათლებით დაწყება.
ე) სახელისუფლო სტრუქტურების (მთავრობა, პარლამენტი, მერიები, საკრებულოები, გამგეობები) მხრიდან შესაბამისი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებების და ე. წ. ივენთების ჩატარება.ვ) სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობა.
ჩამონათვალი ცხადია არაა სრულყოფილი, მაგრამ კომპლექსური და მრავალმხრივი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ნება ესაჭიროება, დანარჩენ, მოჭადრაკეებისა არ იყოს, ტექნიკის საქმეა“ _ დასძენს იგი.

Nusagi
Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული