[google-translator]
DHL-ის, TNT-ის, “სთარ გრუპის” და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფოსტო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა დღეს შეუძლებელი იქნება. კომპანიები ერთდღიან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მიზეზი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტია.
კომპანიებში ამტკიცებენ, რომ პროექტის მიხედვით, ბაზრის მონოპოლიზაცია ”საქართველოს ფოსტის” მიერ ხდება, რაც თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების დარღვევაზე მიუთითებს გადამზიდავი კომპანია ”TNT”-ის დირექტორი და აცხადებს, რომ თუ ეს კანონი ამ სახით იქნა მიღებული, ის არ მისცემს კომპანიას საშუალებას, რომ დარჩეს ბაზარზე. ნინო მენთეშაშვილის თქმით, პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ, რადგან სამინისტრო მალავს კანონპროექტს.არსებული ინფორმაციით„საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტით, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. კანონპროექტის თანახმად, ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება.