პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

ვინ და რატომ აკრძალა საპატიმროების საზოგადოებრივი მონიტორნგი?!

Nusagi

ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიულობაზე გვეღაღადება, ამბობს, რომ ევროპასთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფის, გვიმტკიცებს ციხეებში ცუდი რაც ხდებოდა წარსულს ჩაბარდაო, თუმცა ორ წელზე მეტია ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის საკითხი ვერ მოუგვარებია. როგორც ჩანს არც მას აწყობს საზოგადოების თვალი და ყური საპატიმრო დაწესებულებებში შეახედოს და იქ არსებული მდგომარეობა გამჭვირვალე გახადოს. რატომ?! ამ რიტორიკული კითხვით სააგენტო „ფოსტალიონმა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი თევზაძეს მიმართა.

10751912_723470604399762_1515955653_n
გიორგი თევზაძე:
_ სასჯელაღსრულების სისტემაში მონიტორინგის სამსახური ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, 2000 წელს ჩამოყალიბდა. იუსტიციის მინისტრი იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი იყო და საპატიმროებში, პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობაზე იგი საკმაოდ მწვავედაც ლაპარაკობდა. მაშინ იგი თავად ცდილობდა იმის მიღწევას, რომ ხელისუფლებას პატიმრებისთვის სათანადო ყურადღება მიექცია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ აზრს შესაბამისი რეკომენდაცია გაუწიეს და იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიქმნა საზოგადოების კონტროლის საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში 17 კაცის შედიოდა და საბჭოს წევრი მეც ვიყავი. 17-ვე წევრი საპატიმროების მონიტორინგშიც ვიღებდით მონაწილეობას. ვარდების რევოლუციამდე შევდიოდით ციხეებში, ვსწავლობდით არსებულ მდგომარეობას, პატიმრებთანაც გვქონდა პირდაპირი შეხება, ვიღებდით განცხადებებს, ბევრი პატიმრის პრობლემა ადგილზეც კი გადავწყვიტეთ, ვესწრებოდით სამინისტროში გამართულ კოლეგიებს და ა.შ. სამინისტრო ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შერჩევასაც კი ჩვენთან ათანხმებდა და რჩევას გვეკითხებოდა. კიდევ ვიმეორებ, ეს მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სააკაშვილის მიერ. ევროკავშირის, ევროსაბჭოს წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და ინტერესდებოდნენ პატიმრების მდგომარეობით.
ამ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არსებობდა და სამინისტრო ჯერ არ იყო შექმნილი. ჩვენ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს კონტროლის წევრები გვერქვა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერ დროს წინასწარი დაკავების საკნებში შესვლის უფლებაც კი გვქონდა. თუ ვიგებდით, რომ ესა თუ ის დაპატიმრებილი იყო ნაცემი და ითხოვდა მონიტორინგს, ამის პრობლემა არ არსებობდა. ბევრი ასეთი ინფორმაცია დაგვიდასტურებია ასეთი მონიტორინგით და შესაბამისი ზომებიც გაგვიტარებია.
_ თუ ციხის მონიტორინგის სამსახურის შექმნა სააკაშვილის იდეა იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ რატომ შეიცვალა აზრი?
_ როცა იგი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველად სწორედ ციხის საზოგადოებრივი მონოტორინგი გააუქმა და საპატიმროების კარი ფაქტიურად ჩარაზა. უკვე თავად იყო ამ ეტაპზე პრეზიდენტი და როგორც ჩანს, აღარ სჭირდებოდა იქ არსებული მდგომარეობის გასაჯაროება. ამის შემდეგ უფლებადამცველები საპატიმროების მდგომარეობაზე ინფორმაციებს მხოლოდ პატიმართა ოჯახის წევრებისგან, ადვოკატებისგან ვიღებდით და ვახმაურებდით როგორც მედიით, ასევე საქმის კურსში ვაყენებდით საერთაშორისო საზოგადოებას. ეროვნული მოძრაობის დროს, ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელიც ვიყავი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მაშინ ცნობილი გივი ყვარელაშვილი ხელმღვანელობდა და როგორც არუნდა გაგიკვირდეთ, იმ დროსაც შაგვეძლო, როცა გვინდოდა მაშინ შევსულიყავით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სააკაშვილის პერიოდში რეგულარულად ვაყენებდით ამ მოთხოვნას, მაგრამ პასუხის ღირსადაც არავინ გვაგდებდა.
2012 წელს არჩევნებით კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. გარდამავალ პერიოდში სასჯელაღსრულების მინისტრი იყო გიორგი ტუღუში. ნოემბერში მან შექმნა 51 კაციანი მონიტორინგის საბჭო, რომელმაც მხოლოდ 3 თვე იარსება. იმედი გვქონდა, რომ საბჭო მუშაობას შემდგომაც გააგრძელებდა, მაგრამ.. სწორედ ამ დროს დაიწყო ციხეებში პატიმართა შიმშილობები, მათ გარკვეული მოთხოვნები წამოაყენეს, რასაც მონიტორნგის წევრები საზოგადოებისთვის საჯაროს ვხდიდით და ეს იყო დადებითი მოვლენა, მაგრამ მერე სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა სოზარ სუბარი და მან ამ საბჭოს მუშაობა შეაჩერა.
_ რატომ შეაჩერა?
_ ჩვენთვის არ არის ცნობილი ასე რატომ მოქცა სუბარი. მონიტორინგის საბჭოს სამთვიანი ვადა რომ ამოეწურა, მერე მინისტრს უნდა გაეგრძელებინა სესაბამისი დოკუმენტით ეს დრო, მაგრამ სოზარმა ეს არ გააკეთა. მას შემდეგ ციხეებში აღარ ტარდება საზოგადოებრივი მონიტორინგი. დეპარტამენტს ჰყავს თავისი მონიტორინგის ჯგუფი და სახალხო დამცველს კი პრევენციული ჯგუფი და როგორც ვიცი მხოლოდ ისინი შედიან ციხეებში. რაც შეეხება საზოგადოებრივ მონიტორინგს, ის არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ არის წინაპირობა დემოკრატიული ღირებულების საზოგადოების შექნისთვის და თუ ამისაკენ მივისწრაფით, მის აღდგენაზეც უნდა ვიზრუნოთ. ციხის კარი უნდა იყოს ღია საზოგადოებრივი უფლებადამცველებისთვის და ამას მოითხოვს დემოკრატია.
_ სოზარის დროს ციხე თუ ისევ ჩაიკეტა, ინფორმაციებს უფლებადამცველები როგორ იღებდით?
_ ამის მერე მხოლოდ წერილობით ინფორმაციებს ვიღებდით. პატიმრების განცხადებები ახლაც სისტემატიურად მოგვდის და ასე ვგებულობთ რა ხდება ციხეებში. ამ წერილების გაცნობის შემდგომ მივმართავთ ხოლმე სასჯელაღსრულების სამინისტროს. ამ პერიოდში დადებითი მხოლოდ ის მოხდა, რომ წინათ თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს კარიც არ იყო ჩვენთვის ღია, ახლა მათტან მაინც ადვილად ვამყარებით კომუნიკაციებს. ახალი მინისტრი შეგვხვდა და წარმოგვიდგინა ახალი კანონპროექტი, სადაც წერია, რომ უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც მონიტორინგის უფლება მიეცემა. ვინმესთან ჩასაფრებულები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ეს საბჭო რომ შესაქმნელია, ფაქტია.
_ როცა მონიტორინგი არ ტარდება, გამოდის, რომ რეალობის გარეთ გამოტანაც ვერ ხერხდება. ანუ რეალურად რა ხდება ციხის დაკეტილ კარს მიღმა, არავინ იცის. ხელისუფლება რომ გვიმტკიცებს, ციხეებში მდგომარეობა გამოსწორდაო, არ უნდა დავიჯეროთ?!
_ პატიმრების განცხადებებსა და წერილებს სისტემატიურად ვიღებთ. მონიტორინგის საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივად სასჯელაღსრულების სამინისტროს გადასაწყვეტია, მაგრამ ეტყობა მთლად ასეც არ არის საქმე და ამისათვის გარკვეული პოლიტიკური ნებაა საჭირო. იმედია პარლამენტი მაინც დროულად განიხილავს ამ კანონპროექტს და ციხეს გამჭვირვალეს გახდის. პატიმრების შესახებ კანონში ცვლილებებს თუ პარლამენტი დაამტკიცებს,
მერე გადაწყდება ვინ მიიღებს მონაწილეობას ციხის მონიტორინგში.
საქართველოში დღეს დაახლოებით 14 ათასი პატიმარია, წინათ კი 23 ათასი იყო. 14 ათასიდან ბევრს გაუნახევრდა სასჯელი, მაგრამ ისინი ციხეში დაავადდნენ. რუსთავის მე-17-ე დაწესებულებაში არის პატიმარი თამაზ კეკელია, რომელიც ტურებკულიოზით არის ავად და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. როცა ეს გავიგეთ, მივმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს და თვენახევრის წინ გადმოვაყვანინეთ მე-18-ე დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო ნაწილი. პატიმრების ოჯახები ბევრ შემთხვევაში ამბობენ, რომ ავადმყოფი პატიმრებისთვის სამკურნალო წამლები გარედან შეაქვთ და ხელისუფლება მათ სათანადო მკურნალობას ვერ უტარებს. დაავადებული პატიმრები კვლავ ბევრია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სამწუხაროდ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება. ასევე არიან ტუბერკულიოზით და სხვა მძიმე ინფექციებით _ შიდსით, “ც” ჰეპატიტით დაავადებული პატიმრები. ამ პრობლემის გაღრმავებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ისინი არ არიან იზოლირებული ჯანმრთელი პატიმრებისაგან. ამ მხრივ აუცილებელია ციხეების პასპორტიზაცია, სანიტარული მოთხოვნების დაცვა, ასევე ამ მიმართულებით დადგენილი საერთაშორისო ნორმების გათვალისწინება და სამეურნეო ნაწილში მყოფი იმ რისკ-ჯგუფის პატიმართა და თანამშრომელთა შემოწმება, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ დაავადებულ პატიმრებთან და კვების პროდუქტებთან. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. პრობლემად რჩება პატიმართა კვების გაუმჯობესების საკითხიც, თუმცა როგორც ვიცი, ვითარების გაუმჯობესებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.
_ პატიმრები წერილებში რას გწერენ, კიდევ რა მოთხოვნები აქვთ?
_ მათი განცხადებები უკავშირდება პატიმართა კვებას და საცხოვრებელ პირობებს. მოითხოვენ მათი სასჯელების გადასინჯვას და სამართლიანობის დადგენას. ისინი მათ მიმართ საპატიმროებში განხორციელებული ზეწოლების ადრესატებსაც ღიად ასახელებენ. პროკურატურამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ადამიანები, რომელთა მიმართაც ასეთი პრეტენზიები არსებობს და ეს დადგინდება. რადგან ახალი ხელისუფლება ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში უამრავი ადამიანის მსჯავრდება მოხდა პოლიტიკური ნიშნით და აქვს საფუძვლიანი პრეტენზიები ცალკეულ ჩინოვნიკთა მიმართ, გამოდის, რომ საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება რათა შესაძლებელი გახდეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება პატიმრების საქმეების გადასინჯვისთვის. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური ნებაც აღარ არსებობს. ამის გამო პატიმრები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ _ შიმშილობენ და სუიციდის შემთხვევებიც იყო. სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში უვადო მსჯავრდებულმა გოგიტა მჭედლიშვილმა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად თვითდაზიანება სცადა. ისიც სხვა არაერთი პატიმრის მსგავსად თავს უკანონო მსჯავრდებულად მიიჩნევს. ასე, რომ უკმაყოფილება პატიმრებში არსებობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: