საზოგადოება

ლიკა ჭუბაბრია-სტაჟიანი კუსტბელი: ამ ჯოხს 20 წელია ვუვლი და ვპატრონობ

Nusagi

დედაქალაქში შემორჩენილ მცირერიცხოვან პარკებსა და ბაღებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსშესანიშნავი ადგილია კუს ტბა, რომელსაც თბილისელების ერთი ნაწილის ცხოვრებაში უკვე წლებია, საკმაოდ სერიოზული ადგილი აქვს დამკვიდრებული. მათი თქმით, კუს ტბა ის ანდამატია, რომელსაც ერთხელ თუ მიუახლოვდები და შეიგრძნობ, ვერასდროს მოშორდები. ლიკა ჭუბაბრია სწორედ ერთ-ერთი მათგანია. “ფოსტალიონი” მას კუს ტბაზე შეხვდა და გაესაუბრა.

 

– ადამიანებს, ვინც აქ წლებია თითქმის ყოველდღე დადიან “სტაჟიან კუსტბელებს” ეძახიან, თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. რითია ასეთი მიმზიდველი ეს ადგილი?

-20 წელზე მეტია, თითქმის ყოველ დილით აქ ვარ. თუმცა მათგან განსხვავებით, ვინც ტბას გარშემო წრეებს ურტყამს, მე ტყეშიც ავდივარ, სადაც ბევრად ჯანმრთელი ჰაერი და არაჩვეულებრივი სილამაზეა, განსაკუთრებით ზაფხულში და შემოდგომაზე, საოცარი ფერებია.

ადრე იპოდრომიდან ცხენები მოგვყავდა და აქედან კოჯორში გადავდიოდით.
ჯერ სატელევიზიო ანძამდე ავდივართ, რაც ცოტა რთულია, თუმცა როცა რამდენიმე ადამიანი ლაპარაკ-ლაპარაკით მიდიხართ, თან კუს ტბას გადმოყურებთ, საკმაოდ გიადვილდება. ანძიდან ბულბულების ჭალაში შედიხარ, სადაც არაჩვეულებრივი ადგილებია.

– გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, ალბათ დადებითი ენერგიითაც გმუხტავთ აქაურობა.

-რასაკვირველია, ჯანმრთელ სხეულთან ერთად სულიერად გაჯანსაღებაც მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანებთან ურთიერთობები და ის არაჩვეულებრივი ატმოსფერო, რომელსაც პიროვნებები ქმნიან. აქ ვისთანაც ვურთიერთობ, ყველასთან საოცრად თბილი დამოკიდებულება მაქვს და ოჯახის წევრებივით მიმაჩნია, ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს ვეფერებით. დროთა განმავლობაში გონებაში ფიქსირდება, რომ აქაურობა არის კარგი და საუკეთესო, და იქიდან იწყება შეგუება. როდესაც იწყება შეგუება, მოდის სიყვარული და იქ უკვე მოდის საოცარი ანდამატი, რომელიც კუს ტბასა და შენს შორის იბმება, ყველაფერი გენატრება, ქეთოს ყავაც და ადამიანებიც, ვისაც აქ ხვდები.

-დილით რომელ საათზე ამოდიხართ?

ერთი წელია, 10 საათზე ამოვდივარ, მანამდე დილით 6 საათზე ვიყავი ხოლმე აქ. ყველაზე კარგი ეს დროა, ზაფხულში 11 საათიდან უკვე ძალიან ცხელა, მანამდე კი არაჩვეულებრივია. სასიარულოდაც ძალიან კარგია ეს დრო.

-ეს ხის ჯოხი სულ თან დაგაქვთ, რისთვის?

-ეს არის ბზა. 20 წლის წინ, ვოვა ისელიძემ გამომითალა და დამასაჩუქრა. მას მერე ვუვლი და ვპატრონობ. ალბათ ვოვამ თვითონაც არ იცოდა, ასეთი კარგი რომ გამოდგებოდა, თორემ შეიძლება ვერც შელეოდა. ამ ჯოხს სახსრის ფორმა აქვს, ასევე მაუგლის კაასაც ჰგავს. დანიშნულებაც მრავალნაირი აქვს- სიმაღლეზე ასვლისას საკმაოდ კარგად ეჭიდები, დაღლას ვერ გრძნობ. თუ საჭირო გახდა, ცხოველსაც იგერიებ.

-არიან აქ ცხოველები?

-რა თქმა უნდა არიან და მზადყოფნაში ვარ მათ შესახვედრად, თუმცა საშიში ცხოველი არ შემხვედრია. ხშირია კურდღელი, ციყვი, ძაღლი. რაც შეეხება ქვეწარმავლებს, აქ შხამიანები არ არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, მათთან შეხვედრა გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული და ვერიდები. ხშირია კუ. წყალში ცურვისას ისე აქვთ ზოგჯერ თავი ამოყოფილი, უხსენებლისგან ვერ გაარჩევ, ამიტომ დიდად არც მათი დანახვა მსიამოვნებს.

-აქაური ინფრასტრუქტურა როგორ მოგწონთ?

– ინფრასტრუქტურაზე რა მოგახსენოთ, დამახინჯებულია ცენტრალური შემოსასვლელი. ადრე რომ ამოხვიდოდი, ერთ რამედ ღირდა პირდაპირ ტბას რომ დაინახავდი, ახლა დაფარულია ამ გადახურული შენობებით, რომლებიც “სტენკებივით” ჩადგეს მთელ გაყოლებაზე. ღია სივრცე უხდებოდა კუს ტბას. პირველი შეგრძნება სილამაზის აღარ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს ადგილი სახელმწიფოს კუთვნილება უნდა იყოს და მან მოუაროს, უპატრონოს , გაალამზოს მსგავსი დასასვენებელი ადგილები. რასაც ხედავთ, კუთხე-კუნჭულ გადაყიდულია ყველაფერი. ბევრი რამ არ ფუნქციონირებს, რადგან ვიღაცის საკუთრებაა და ის არ ზრუნავს, ან ვერ ახეხრებს რომ მოუაროს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, გაიყვანოს ეს ხალხი ასეთი ადგილებიდან , დააკმაყოფილოს სადმე სხვაგან შესაბამისი ადგილით, ან ფულადი სახსრებით.

-აქამდე როგორ ამოდიხართ?

-მანქანას ქვემოთ ვტოვებ, ტბამდე ფეხით ამოვდივარ და მერე ტყით ჩავდივარ ქვემოთ. დადებითი ენერგიით, სითბოთი და სიყვარულით სავსე ჩადიხარ და ხვდები ქაოტურ ქალაქში, რომელიც სავსეა ღვარძლით და დაპირისპირებებით, რაც საქართველოში ადრე არასდროს ყოფილა. ადრე ხომ გარშემორტყმული ვიყავით ოჯახური სითბოთი, მეგობრული, ახლობლური ურთიერთობებით. ერთმანეთთან დავდიოდით, ვიცნობდით მეგობრების ნათესავებს, მეზობლებს. სამწუხაროდ ახლა ასე აღარ არის, გაცივდა დამოკიდებულება, მეზობლობა დაიკარგა, დედმამისშვილებიც კი უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქ კი სულ სხვა რაღაც იგრძნობა, ნახეთ როგორ ციმციმებს ტბა, ასეთივე აციმციმებული, დადებითი ენერგიით და სულიერებით აღჭურვილი ჩადიხარ და ეს განწყობა გინარჩუნდება მეორე დღემდე, სანამ ისევ აქ ამოხვალ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,890 ნახვა
%d bloggers like this: