სოციალური ქსელები და მედია

​BBG Watch: ,,რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურზე ზეწოლა ხორციელდება

Nusagi

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ორგანიზაცია BBG Watch-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალურ ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

ისმაილოვა ​„რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს თანადგომას უცხადებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებს.

ისმაილოვა „ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობის პერიოდში საკუთარ გამოცდილებას და რამდენიმე მაგალითს იხსენებს. ხადიჯა ისმაილოვას მიმართვას 1tv.ge ავრცელებს.

„მახსოვს დრო, როდესაც „ამერიკის ხმა“ თანამშრომლობის შენარჩუნებას ცდილობდა სახელმწიფო ტელეკომპანია AzTv-თან. მაშინ ვაშინგტონში, სათავო ოფისში ვმუშაობდი. სამსახურის უფროსმა მდივნის მოადგილის თანაშემწის ინტერვიუს, სადაც ის შეკრების თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდა, ცენზურა დაადო მხოლოდ იმიტომ, რომ AzTv-ს ეს არ მოეწონებოდა. ეს ჩემი სამსახურიდან წასვლით დასრულდა. მოგვიანებით, 2008 წელს, როდესაც „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანულმა სამსახურმა არჩევნების გაყალბება აღმოაჩინა და მაღალ დონეზე კორუფციის შესახებ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება დაიწყო, ჩვენ დაგვემუქრნენ – თუ არ გავჩერდებოდით, ამას შედეგები მოჰყვებოდა. მოგვიანებით ჩვენ ლიცენზია დავკარგეთ. მე ჟურნალისტიკა ვარჩიე. იმ ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა, რომლებმაც არ აირჩიეს ჟურნალისტიკა, დაკარგეს ნდობა და საბოლოოდ ასევე დაკარგეს ლიცენზია. ისინი მუდამ მოითხოვენ სულ უფრო მეტ „ლოიალობას“, რაც სინამდვილეში მორჩილებას ნიშნავს. მახსოვს რთული დრო, როდესაც „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელებთან კამათი მქონდა „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს პოზიციასთან დაკავშირებით. ისინი იშვიათად ირჩევენ სიმართლის თქმის უფლებისთვის ბრძოლას, თუ ადგილზე მყოფი ჟურნალისტები დაჟინებით არ ითხოვენ ამას. ჩვენ მოვითხოვეთ, ისინი დათანხმდნენ. ჩვენ „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახური ახალი ამბების ნომერ პირველ ონლაინ წყაროდ ვაქციეთ, გადავამზადეთ ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი. ჩვენ გვქონდა პერსონალური და კორპორაციული დანაკარგი, თუმცა არასდროს დაგვიყენებია საფრთხის ქვეშ სანდოობა და ჟურნალისტიკა. ჩვენ საკუთარი თავის დაცვა საკუთარ თავზე ავიღეთ, რადგან ბიუროკრატია არ აძლევდა ხელმძღვანელობას სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. და ჩვენ სწორად მოვიქეცით. „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახური იყო და დღემდე არის საუკეთესო რამ, რაც ამერიკას აზერბაიჯანელი ხალხისთვის გაუკეთებია. მე „რადიო თავისუფლება“ ცოტა ხნის წინ დავტოვე, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის რთულია, ხელმძღვანელობის იძულება (რომელთა შორის ბევრი განიცდის კარიერული სტაგნაციის კრიზისს), მოუსმინონ ჟურნალისტებს. მტკიცედ დადექით, ძვირფასო ქართველო კოლეგებო, არ დააყენოთ რისკის ქვეშ ჟურნალისტიკა. პრაღაში მყოფი მენეჯერებისგან განსხვავებით, თქვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი და ხელფასი – ეს არის სიმართლის თქმის უფლება“, – აცხადებს ​ხადიჯა ისმაილოვა.

ორგანიზაცია BBG Watch-ი ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალურ ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს.

BBG Watch-ის ინფორმციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს და აცხადებს, რომ ამგვარად „რადიო თავისუფლება“ საქართველოში ნდობას დაკარგავს.

BBG Watch-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე „რადიო თავისუფლებაში“ კომენტარი არ გააკეთეს.

BBGWatch არის კერძო მედიასაშუალება, რომელსაც ყოფილი და მოქმედი საერთაშორისო ჟურნალისტები მართავენ. ისინი ანაზღაურების გარეშე, მოხალისეობრივად მუშაობენ და ცდილობენ, კონტროლი გაუწიონ ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას საზღვარგარეთ. ასეთი მედიასაშუალებებია “რადიო თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,619 ნახვა
%d bloggers like this: