კრიმინალი

შსს-მ საზოგადოებას ბოლო პერიოდში გახსნილი საქმეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებსა და გახსნილ საქმეებზე ინფორმაცია გაასაჯაროვა. ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დროს მომხდარ ყაჩაღობებსა და სამართალდარღვევებს შეეხებოდა.

”შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

გაცნობებთ კიდევ ერთი გახსნილი ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, რომელიც ხაშურში მოხდა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 1987 წელს დაბადებულ მ.გ.-სა და 2001 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით ხელ-ფეხი შეუკრეს, 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს ქურდობის ფაქტები: ბათუმში – 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ქალაქ ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1998 წელს დაბადებულმა ნ.ქ.-მ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე 3 ბინა გაქურდეს, საიდანაც, დაახლოებით, 4000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმავე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ა.ზ.-მ გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. DVD-ფლეიერი, ვიდეომაგნიტოფონი, სეტთოფბოქსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ, 1982 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ფ.ს.-მ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“ ძვირადღირებული ე.წ. „ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს”,-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათის განმავლობაში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი თითოეული დანაშაული დროეულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული, რათა საზოგადოებას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

”ყველა დანაშაულზე სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას ახდენს განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

თითოეული პოლიციელი თავდაუზოგავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც უფრო აქტიურად ჩაერთვება დანაშაულთან ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ უსაფრთხოება და მართლწესრიგი”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: