სპორტი

ჩვენ ვიჩაგრებით! უეფას წარმომადგენლებთან გუშინ სატელეფონო საუბარი გვქონდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრებისათვის კალენდარი უსამართლოდაა შედგენილი.

როგორც იცით, ჯგუფში “ჯვაროსნების” მეტოქეები ლატვია, ყაზახეთი და ანდორა იქნებიან.

“კენჭისყრამდეც ვამბობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ – მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე. უბრალოდ, ჩემთვის ყველაზე დიდი უხერხულობა და პრობლემა კალენდარია.

კალენდარი ჩვენთვის პრობლემატურია. არის ერთი მნიშნელოვანი ნაწილი, რის გამოც მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ვიჩაგრებით. მიმაჩნია, რომ ერთადერთი გუნდი ვართ, რომლისათვისაც ეს კალენდარი არასამართლიანია. კონკრეტულად მე-5 და მე-6 ტურს ვგულისხმობ. მე-6 ტურში ჩვენს მეტოქეს (ყაზახეთს) შეუძლია ანდორა-საქართველოს მატჩს თბილისში უყუროს, როცა ჩვენ ამ დროს ანდორაში ვთამაშობთ. ჩვენ ერთი დღით ნაკლებს ვისვენებთ. მიმაჩნია, რომ ეს უსამართლობაა.

შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს მინიმალური დეტალია, მაგრამ ფეხბურთელებისათვის ძალების აღსადგენად ერთი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. უეფას წარმომადგენლებთან გუშინ სატელეფონო საუბარი გვქონდა და ჩვენი წუხილი დავაფიქსირეთ. სიმართლე გითხრათ, არანაირი ახსნა არ აქვთ ჩვენს პრეტენზიაზე. იმედი მაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

Facebook Comments