ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

23 წლის ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მირანდა ფაღავას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული რაც ძალადობას გულისხმობს.

მირანდა ფაღავას უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას რაც სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლს წარმოადგენს და ძიება სწორედ ამ მუხლით უნდა გაგრძელდეს. თავად დაზარალებული ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „დაზიანებები მქონდა სახისა და თავის არეში. დამიდგინდა რომ თვალზე მხედველობის პრობლემები გამიჩნდა ამ ყველაფრის შემდეგ და ორ კვირიანი წოლითი რეჟიმი მაქვს დანიშნული. ეს პიროვნება დღეს დაკავებულია. დამამძიმებელ გარემოებად აღნიშნა ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ტრანსფობიურ ნიადაგზე,“-განაცხადა მირანდა ფაღავამ.

მირანდა ფაღავას ადვოკატი ამბობს, რომ წაყენებული მუხლი ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიადგა სერიოზული დაზიანებები მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს. 144-ე მუხლი კი 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მირანდა ფაღავას ფიზიკურად 28 იანვარს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული