ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. კანონი პროვაიდერებს ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გავრცელებული კონტენტის ამოღების ვალდებულებას აკისრებს. ინფორმაციას “იმედი news” ავრცელებს
კერძოდ, ინტერნეტპროვაიდერი ვალდებული იქნება საავტორო უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე, საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული მასალა ინტერნეტსივრციდან ამოიღოს. წინააღმდეგ შემთხვევში საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევაზე პასუხისმგებელი თავად პროვაიდერიც გახდება.
შესაბამისად, უფლების მფლობელს უკვე შეეძლება, როგორც სერვისპროვაიდერს, ასევე კონტენტის განმათავსებელს სასამართლოში უჩივლოს. კანონი გავრცელდება მუსიკალურ ნაწარმოებებზე, ფილმებსა და სხვა ტიპის მასალებზე.
“კონტენტის მონიტორინგის ვალდებულებას შუალედურ ოპერატორებს არ ვაკისრებთ, თუმცა კანონი ამბობს, რომ თუკი უფლების მქონე პირი მიმართავს საავტორო უფლების დარღვევაზე, ამ შემთხვევაში ოპერატორი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება”, – თქვა ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ.
საავტორო უფლებათა ასოციაციაში ამბობენ, რომ დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებული კონტენტის დაახლოებით 90% საავტორო უფლებების დარღვევით არის განთავსებული.
კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროსა და საქპატენტის მიერ შემუშავდა.