ხელოვნება და კულტურა

ქართველი მხატვარი, რომელიც შავი ფანქრით გასაოცარ შედევრებს ქმნის

ქართველი მხატვარი გურამ დოლენჯაშვილი 20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა . მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ამერიკის, რუსეთის, ინგლისისა და საფრანგეთის ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი, გურამ დოლენჯაშვილს საქართველოში ნაკლებად იცნობდნენ. თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ბოლო დროს, ხშირად აზიარებენ გრაფიკოსის ნამუშევრებს და აღფრთოვანებულ კომენტარებს არ იშურებენ.

“ინფო ფოსტალიონი” მხატვარს მისსავე სახელოსნოში ეწვია და გრაფიკოსის ფანქრით, ფურცელზე გადატანილ ჯადოსნურ სამყაროს  ეზიარა.

როგორც ბატონმა გურამმა გვითხრა, მისი ნამუშევრების სიუჟეტების დიდი ნაწილი თეთრი ზღვის მიდამოებში, არქტიკაში, მდინარე ლენაზე, ჩუკოტკასა და უკიდურეს ჩრდილოეთში მოგზაურობისას საკუთარი თვალით ნახა და ფურცელზე გადაიტანა.  ” გავდიოდი ყინულოვან ზღვაში ბაიდარკით ესკიმოსებთან ერთად ვეშაპებზე სანადიროდ, ვრისკავდი მათთან ერთად, ჩავდიოდი ვულკანის მხრჩოლავ კრატერში კამჩატკაზე”-ამბობს 75 წლის ვირტუოზი მხატვარი.

ჩუკოტკის ცისა თუ ოკეანის სივრცეებზე შექმნილ შედევრებთან ერთად, მხატვრის სახელოსნოში სახიფათო მოგზაურობიდან ჩამოტანილი ნადავლსაც ნახავთ-ვეშაპის ულვაშს და ხერხემლის მალას,  თეთრი დათვის თავის ქალას, ესკიმოსების ბადეს, ბაიდარკის ნამსხვრევებს და მამაცი მოგზაური მხატვრის მიერ შეგროვებულ სხვა ეგზოტიკურ ნივთებს.

გრაფიკოსის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მთვარიანი ღამეების  მაღალმხატვრული ხელოვნებით შესრულებულ ნახატების სერიას, თოვლიანი სოფლის სიუჟეტებს და საქართველოს ულამაზესი კუთხეების  პეიზაჟებს, რომლებზეც ლუპით დაკვირვებისას სოფლის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს არმოაჩენთ.

გთავაზობთ   გურამ დოლენჯაშვილის სახელოსნოში გადაღებულ ფოტოებს.

  

   

Facebook Comments