ისტორია

ციმბირელი მღვდლის, რასპუტინის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

Nusagi

 

გრიგორი რასპუტინი 1869 წელს დაიბადა  ციმბირის მიყრუებულ სოფელში, მაგრამ გარდაიცვალა რუსეთის სასახლეში, 1916 წლის 30 დეკემბერს. მიუხედავად მისი სავარაუდო ჯადოსნური ძალებისა, იგი მოკლეს რუსეთის არისტოკრატებმა … ან იქნებ მათ არც მოუკლავთ.

რასპუტინი 18 წლის ასაკში დაქორწინდა და სამი შვილი ეყოლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხენის ქურდობასა და გაუპატიურებაში დასდეს ბრალი, მან ოჯახი მიატოვა. სანამ ციმბირს დატოვებდა,  უკვე მოპოვებული ქონდა მექალთანის, ლოთის და ჰედონისტის რეპუტაცია. რაც შემდეგ მოხდა, გასაოცარი იყო.

რასპუტინმა წლები გაატარა ციმბირში ხეტიალში,  ის ხშირად აფარებდა თავს მონასტრებს. 1893 წელს  განაცხადა, რომ ყაზანის წმინდა სულის გამოცხადების შემდეგ, ჰქონდა სულიერი გამოღვიძება. 1902 წელს იგი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა, რათა ეკლესია დაეფუძნებინა, მაგრამ მისი სწავლებები იმდენად რადიკალური იყო, რომ  ეკლესიიდან განდევნეს. რასპუტინს მიაჩნდა, რომ ცოდვებისგან გაწმენდის ერთადერთი გზა იყო ცოდვის ჩადენა და შემდეგ ამ ცოდვის მთელი გულით აღიარება. უამრავი ქალის შეცდენის შემდეგ 1903 წელს იგი კიევში გაემგზავრა, სადაც თავისი ორატორული ნიჭით და წმინდა წიგნის ცოდნით ეკლესიის მესვეურებზე შთაბეჭდილება მოახდინა.

1905 წელს რასპუტინი პეტროგრადში ჩავიდა, მაშინდელ რუსეთის იმპერიის დედაქალაქში. დანარჩენი რუსეთისგან განსხვავებით, პეტროგრადი უფრო მეტად იყო დაახლოებული დასავლეთ ევროპასთან და უფრო ღია იყო უცხოური იდეების მიმართ. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კორუფციულმა სკანდალებმა შეასუსტა ეკლესიისადმი ნდობა და ხალხმა დაიწყო ალტერნატიული რელიგიების ძიება. თავის ჰიპნოზური თვალებით, მგრძნობიარე ხმით და სასწაული მკურნალის რეპუტაციით, რასპუტინისთვის ყველა კარი გაიღო და აქედან დაიწყო მისი საიმპერატორო ოჯახთან დაახლოება.

ნიკოლოზ II–ს და ალექსანდრას ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ, ალექსეი. სამწუხაროდ, თავადი ჰემოფილიით იყო დაავადებული და ოჯახი მის ამ მდგომარეობას საიდუმლოდ ინახავდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო დინასტიური მემკვიდრეობა. 1907 წელს სამი წლის ალექსეი ძლიერ ავად გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მას საუკეთესო ექიმები მკურნალობდნენ. რასპუტინმა მუხლი მოიყარა მასთან, ლოცულობდა და რამდენიმე საათის შემდეგ მემკვიდრე გამოჯანმრთელდა. ამ შემთხვევის შემდეგ, რასპუტინი პრაქტიკულად საიმპერატორო ოჯახს სრულად ფლობდა. იგი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, რომ  საიდუმლო პოლიციის მიერ დაცვა დაენიშნა.

როდესაც  ლექციებს არ კითხულობდა, ან არ მკურნალობდა, რასპუტინი მუდმივად ბარებსა და ბორდელებში იმყოფებოდა. იგი თავს არც მეძავებთან იზღუდავდა. მაღალი კლასის ქალბატონები, მათ შორის არისტოკრატები, ასევე სარგებლობდნენ მისი ყურადღებით. მეფე და დედოფალი არ იჯერებდნენ მათთან მისულ ინფორმაციას და დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს მათი მხსნელის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, 1914 წელს ნიკოლოზი ომში მოწინავე ხაზზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რასპუტინი ითხოვდა რუსეთს თავი აერიდებინა კონფლიქტისთვის. მეფის წასვლასთან ერთად, მისი გავლენა იმპერატრიცაზე გაიზარდა. რასპუტინს სურდა მხოლოდ მისი მეგობრები ყოფილიყვნენ სასახლის კარზე, ხოლო  ოპონენტები მოეშორებინათ. იმპერიული სასახლის გარეთ იგი აცხადებდა, რომ თავად იყო ნამდვილი იმპერატორი, რაც სიმართლეს გავდა.

მარტო 1916 წელს რუსეთს ოთხი პრემიერ-მინისტრი, ოთხი შინაგან საქმეთა მინისტრი, სამი საგარეო საქმეთა მინისტრი და ორი საომარი მოქმედებების მინისტრი ყავდა. რასპუტინის ტრაბახი და მისი განცხრომით ცხოვრების სტილი პრესის მთავარი თემა იყო. მათი აზრით, რუსები კვდებოდნენ ომისთვის, რომელიც გერმანელებსა და ბრიტანელებს შორის მიმდინარეობდა. ადამიანები საკვების და საწვავის დეფიციტისგან იღუპებოდნენ, ძალიან ცოტა თუ ცხოვრობდა მაღალი საზოგადოების ცხოვრებით.

ალექსანდრა ანგლო-გერმანული წარმოშობის იყო და უკვე დიდად დამოკიდებული რასპუტინზე. ამიტომ ისინი ადვილად გახდნენ განტევების ვაცები. 1916 წლის 19 ნოემბერს პოლიტიკოსმა ვლადიმერ პურიშკევიჩმა მიმართა რუსეთის პარლამენტს და ქვეყნის ყველა პრობლემაში რასპუტინი დაადანაშაულა. პურიშკევიჩი ამტკიცებდა, რომ რუსეთს თავი უნდა დაეღწია რასპუტინისგან და დაესრულებინა მისი გავლენა მათ ანგლო-გერმანელ იმპერატრიცაზე. მის აზრებს იზიარებდა პრინცი ფელიქს იუსუპოვი, მეფის ძმისწული.

იუსუპოვმა რასპუტინი სახლში მიიწვია, იმ მოტივით, რომ მისი მეუღლე, პრინცესა ირინა, ნიმფომანიით იყო ავად. რასპუტინი ანკესს წამოეგო და პრინცს არწმუნებდა, რომ მას შეეძლო ქალის განკურნვა. თავის მოგონებებში, იუსუპოვმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ აავსო  თავისი სარდაფი ციანიდის შემცველი ტკბილეულობით და ღვინით. რასპუტინი 30 დეკემბერს, დილის 12:30 –ზე გამოცხადდა. მას უთხრეს, რომ ირინა ცოტა ხანში შეუერთდებოდა მათ.

რასპუტინმა მომდევნო ორი საათი ჭამა–სმაში გაატარა, მაგრამ უშედეგოდ. გაღიზიანებული თავადი ზემოთ ავიდა, სადაც მას პურიშკევიჩი და დიდი თავადი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ელოდნენ. გრაფმა თავისი რევოლვერი პრინცს გადასცა, ეს უკანსკნელი დაბრუნდა სარდაფში და რასპუტინს მუცელში ესროლა. მაგრამ როდესაც იუსუპოვი დაიხარა სანახავად, რასპუტინმა მას ხელი კრა, კიბეებზე ახოხდა და გარეთ გაიქცა. კონსპირატორები დაედევნენ და იუსუპოვმა კვლავ ესროლა, მაგრამ რასპუტინი ხოხვას აგრძელებდა. მათ სცემეს და დანით დაჭრეს რასპუტინი, დააბეს, ათრიეს პეტროვსკის ხიდზე და მალაია ნევას მდინარეში გადააგდეს.

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორი დღის შემდეგ რასპუტინის  ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს, აღმოაჩინეს, რომ მას საკმაოდ დიდი ხანი ეცოცხლა , სანამ საბოლოოდ დაიხრჩობოდა. რუსეთი ხარობდა, მაგრამ სამეფო ოჯახი არა.

პურიშკევიჩის პარლამენტში გამოსვლიდან ცოტა ხანში რასპუტინმა იმპერატორს მიწერა საკუთარი სიკვდილის წინასწარმეტყველების შესახებ. იგი წერდა, რომ თუ უბრალო ადამიანის ხელით დაიღუპებოდა , მონარქია გაუძლებდა, მაგრამ, თუ არისტოკრატები იქნებოდნენ მის სიკვდილზე პასუხისმგებელი, რომანოვები ორ წელიწადში თავად დაიღუპებოდნენ. თვრამეტი თვის შემდეგ, 1918 წლის 17 ივლისს, საიმპერატორო ოჯახი ბოლშევიკების ხელით იქნა მოკლული.

მაშინ, როდესაც იუსუპოვმა რასპუტინის მკვლელობის დამსახურება მიიწერა, ექსპერტიზის დასკვნამ სხვაგვარი ვარაუდი აჩვენა. მათ ვერ აღმოაჩინეს შხამი რასპუტინის სხეულში და ვერც ტყვიები, ნასროლი ორი სხვადასხვა იარაღიდან. საბედისწერო გასროლა Webley–ს რევოლვერიდან იყო განხორციელებული, რომელიც იმ დროს მხოლოდ ბრიტანეთის აგენტებს ქონდათ. ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი ლეიტენანტ ოსვალდ რეინერზე აქვს, ბრიტანეთის MI6–ის აგენტზე, რომელიც იუსუპოვს დაუმეგობრდა ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს. ბრიტანელებს სურდათ ომში რუსეთის  მონაწილეობის შენარჩუნება და რეინერი რასპუტინს კუდზე მიამაგრეს, ამ უკანასკნელის ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო. ამიტომ, ითვლება, რომ სწორედ რეინერი შეიძლება ყოფილიყო იუსუპოვის სასახლეში, რათა რასპუტინის მკვლელობა უზრუნველეყოთ.

მას შემდეგ, რაც რასპუტინის ცხედარი ამოიყვანეს მდინარიდან, მეფე ესაუბრა ბრიტანეთის ელჩს, თუმცა საუბრის თემა ცნობილი არ არის. არც ის არის ცნობილი, მართლაც ჰქონდა თუ არა რასპუტინს ჯადოსნური ძალა, მაგრამ აშკარაა, რომ  ამ ძალამ ის ვერ დაიცვა.

იმპერატორი ნიკოლოზი, ალექსანდრა, მათი ოთხი ქალიშვილი და ალექსეი.

რასპუტინი (შუაში) მის მიმდევრებსა და კლიენტებს შორის, მის სალონში, 1914 წელს.

1916 წლის რუსული გაზეთის კარიკატურა, საიმპერატორო ოჯახზე მის გავლენაზე.

ვლადიმერ პურიშკევიჩი

პრინცი ფელიქს იუსუპოვი

იუსუფოვის სასახლის სარდაფი მოიკაზე, სანკტ-პეტერბურგში, სადაც გრიგორი რასპუტინი მოკლეს.

WAR HISTORY ONLINE

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,085 ნახვა
%d bloggers like this: