პოლიტიკა

ინტერვიუ სააკაშვილთან იყო დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა

Nusagi

პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც, უბრალოდ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, რისი დასკვნაც იყო მისი გუშინდელი ინტერვიუ, – ამის შესახებ
”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. ”სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. ამის დასტურია გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც იყო დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა. იგი ერთი მხრივ მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ, მეორე მხრივ ამბობდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რადგან არჩევნებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებო. ეს გზავნილი ივანიშვილს აწყობს, რადგან ამ გზავნილით აღვივებს უიმედობას საპროტესტო ამომრჩეველში. თან საუბრობდა ჩვენთან რაღაც გაერთიანებაზე, თან აგრძელებდა ცილისწამების ბინძურ კამპანიას ”ასავალ-დასავალის” და ”ქართული ოცნების სტილში”, მათ შორის ”ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ. იგი თან იამბობდა – მე თუ დამაპატიმრებენ და ქართულ ციხეში აღმოვჩნდები, ივანიშვილის რეჟიმი დასრულდებაო (იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და მისი დაპატიმრება არ შედგება), თუმცა რა გამოდის, ქართული საზოგადოება იტანს ჩვენი ქვეყნის ნგრევას და ვერ აიტანს მის დაკავებას?! გამოდის, რომ შეუძლია დაასრულოს ივანიშვილის რეჟიმი და არ ასრულებს?! ეს არის სისულელე და საღი აზრი აქ საერთოდ არ არის. პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც, უბრალოდ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, რისი დასკვნაც იყო მისი გუშინდელი ინტერვიუ და ზოგადად, მისი გზავნილები, რაც აქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას განიხილავს. ”ჩვენი ტესტი არის მარტივი – პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს პუტინის მოკავშირე, არ უნდა ქადაგებდეს სიძულვილს და ძალადობას და არ უნდა იყოს ივანიშვილის მოკავშირე. ”ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა დამოკიდებულია იმაზე, რა ფორმაში იქნება და რა პოზიცია ექნება. გუშინდელი გზავნილი, რომ მოდი გავერთიანდეთ და თან ლანძღვა, ეს არის ივანიშვილის თამაში”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, „განსხვავებულ აქცენტებში“ აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში არსებობს დიდი გამოწვევები, ოპოზიციის არ გაერთიანება დანაშაულია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა სამართლიანი და ობიექტური თამაშის წესებით უნდა მოხდეს.

ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე საუბრისას მის ყოფილ თანაპარტიელებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლებელია თანამშრომლობა „ევროპულ საქართველოსთანაც“ შედგეს. „მე არავისთან არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, გარდა რუსების იმ ღია აგენტებისა, როგორიც არის ინაშვილი და ვიღაცეები. რა თქმა უნდა, არც „ევროპულ საქართველოსთან“ არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ის ხალხი, ვინც „ევროპულ საქართველოში“ არიან, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხიც არის იქ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს არ ეხება, ამ ხალხთან არის სამუშაო. იმ ხალხს უნდა მაქსიმალურად ხელის შეწყობა და სამომავლო გაერთიანებაში შემოყვანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების შეტანისთვის ”ბიძინა ივანიშვილისგან ფული მიიღო”.

წყარო: ipn

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: