საზოგადოება

,,ამ ასაკში მთელი ცხოვრება ისევ წინაა” – თბილისში 50 წელს გადაცილებულთა კლუბი გაიხსნა

Nusagi

სოციალური კლუბები, სადაც საზოგადოების წევრები ერთობლივი ინტერესების, ასაკობრივი, ეროვნული ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით ერთიანდებიან, ფართოდაა გავრცელებული დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსგავსი კლუბებით საქართველოს მოსახლეობა განებივრებული არ არის, თუმცა როგორც INFO POSTALIONI-სთვის გახდა ცნობილი, ახლახანს შეიქმნა ერთ-ერთი ასეთი გაერთიანება- “კლუბი 50+” , რომელშიც 50 წელს გადაცილებული , სოციალურად აქტიური ადამიანები გაწევრიანდნენ.

როგორც კლუბის დამფუძნებელი ფსიქო-კონსულტანტი ქოუჩი და ტრენერი, ლალი ბადრიძე ამბობს, კლუბში გაერთიანების მსურველები საკმაოდ ბევრია და როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ 50-ს გადაცილებულები.

ლალი ბადრიძე: -ჩემს გარშემო  ბევრი ადამიანია, რომლებიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ხშირად იმაზე მეტი შეუძლიათ , ვიდრე ახალგაზრდებს, მაგრამ არ არიან რეალიზებულნი. დღეს სამწუხაროდ, ჩვენი ასაკის ადამიანები სამსახურში არავის სჭირდება . არადა გვაქვს შესაძლებლობები, განათლება, ენერგია და არ ვიცით რა ვქნათ… მეორე ვარიანტია, როცა ადამიანმა გაზარდა შვილები და  კვირაში ერთი დღე მასაც უნდა, რომ მხოლოდ ბებია აღარ იყოს,  საკუთარი  თავისთვის იცხოვროს და ეკონტაქტოს საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს. ან როდესაც დასაქმებულია, აქვს სამსახური, გადაღლილია და ახალ ურთიერთობებში განტვირთვას ეძებს. მინდა გითხრათ, რომ ამ  ასაკში მთელი ცხოვრება ისევ წინაა, ჩემს მაგალითზე გეტყვით, 40 წლის შემდეგ შევიცვალე პროფესია, გავაჩინე შვილი, შევქმენი საკმაოდ წარმატებული ბიზნესი. შემდეგ მივხვდი, რომ მარტო ფული არ არის ის, რაც მე მინდა და მჭირდება. ეს არის ურთიერთობები ჩემნაირ მოტივირებულ ადამიანებთან, რომ ერთად ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ.

-ადამიანებს შორის ურთიერთობის დეფიციტი საქართველოში ისე არ იგრძნობა, როგორც სხვა ქვეყნებში.

–გეთანხმებით, მაგრამ მოსაბეზრებელია მუდმივად ერთი და იგივე ადგილებში სიარული, ერთი და იგივე ადამიანების ნახვა და ერთი და იგივე ამბების მოსმენა. იქნებ რაღაც ახალი გვინდა. თუ  საზღვარგარეთ, სიბერემდე აქვთ ხალხს ახალგაზრდობა, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს? თან სულაც არ ვთვლით, რომ გამოუსადეგარი ვართ და ცხოვრება გავლიეთ. პირიქით, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.  ჩვენში ყველაში ცხოვრობს ბავშვი, და იმხელა სიამოვნებაა, კვირაში ერთხელ თუნდაც  2 საათით ამ ბავშვს რომ გააღვიძებთ. კლუბში არის ქოუჩინგური სავარჯიშოები, რომლის დროსაც აღმოაჩენ, რომ  მარტო ბებია და დედა კი არ ხარ, თურმე შეგიძლია ხატვა, რაღაცის ორგანიზება, თუნდაც ხეების დარგვა. იქნება როლური თამაშები, ფსიქოდრამა, სიმულაციები. შემდეგ კოფე-ბრეიქი , შესვენება. მეორე ნაწილში  ყველა ამბობს, რისი სურვილი აქვს, იქნება ეს რაიმე პირადი პრობლემის მოგვარება, მისი დაწერილი ლექსების გაზიარება თუ სხვა.

-რითი ეხმარებიან ერთმანეთს კლუბის წევრები, ვთქვათ, პირადი პრობლემის მოგვარებაში? საკუთარ აზრებს უზიარებენ?

-აზრებს არა, საკუთარ გამოცდილებებს. ვთქვათ ვინმეს პრობლემა აქვს შვილთან, ყველა უზიარებს თავის, ან თავისი ახლობლის გამოცდილებას , რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგია. პრობლემასთან გამკლავება გაცილებით ადვილია, როცა იცი, რომ გყავს თანამოაზრეები და იცი, რომ გვერდში დაგიდგებიან.

-როგორ შეხვდნენ ამ ინიციატივას 50-ს გადაცილებული ადამიანები?

-როდესაც გავუზიარე ჩემი აზრები, აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას უნდა ახალი ურთიერთობები და სიახლეები ცხოვრებაში. სავსებით შესაძლებელია, გადავიკვეთოთ და რაიმე საქმეც კი წამოვიწყოთ. ერთის იდეით და მეორის რესურსით ერთად რაღაც კარგი შევქმნათ.

-მსურველებს პირდაპირ შეუძლიათ კლუბში მოსვლა?

-ჩვენს ცენტრს IDC ქვია, განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ამ ეტაპზე მსურველი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ადგილების რაოდენობა, ამიტომ იქნება განხილვა, მიღება მოხდება ან რეკომენდაციის, ან სამოტივაციო წერილის განხილვის საფუძველზე. ეს თემა დასახვეწია. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 50-ს გადაცილებულებს არ აქვთ კლუბში გაერთიანების სურვილი, ამიტომ ვქმნით ასაკობრივ ჯგუფებს, იქნება ახლაგაზრდული ჯგუფიც.

-ანუ ახალგაზრდებსაც ჭირდებათ ახალი ურთიერთობები?

-დიახ, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. ისინი თავის სფეროებში არიან ჩაფლულები. ბანკირები ბანკში, რეჟისორები , მსახიობები კინოსა და თეატრში… ყველა ცალ-ცალკეა და ერთმანეთში კომუნიკაცია პრაქტიკულად არ არსებობს, არადა სურვილი აქვთ. ახალგაზრდულ კლუბებში გაერთიანდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახალი კომუნიკაციები, ახალი ურთიერთობები უნდათ, შეიძლება ახალი საქმეების წამოწყებაც.

-კლუბის წევრებისთვის ალბათ საწევროც იარსებებს? სოციალური მდგომარეობის გამო ხომ არ იქნება ვინმე შეზღუდული?

-საწევრო გადასახადი საჭიროა  იმისათვის, რომ გადავიხადოთ ჩაის, გათბობის, მოწვეული სპეციალისტების, ოფისის თანხა.  ვფიქრობ, 60 ლარი ყველასთვის მისაღებია, მაგრამ თუ მოვა ადამიანი, რომელსაც ამის საშუალებაც არ ექნება, რა თქმა უნდა, გამონაკლისებსაც დავუშვებთ.

       

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,239 ნახვა
%d bloggers like this: