საზოგადოება

მხატვარ გურამ დოლენჯაშვილს ქუთაისის სპორტის მუზეუმის თანამშრომლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

Nusagi

ემიგრაციაში მყოფი ქართველი მხატვარი გურამ დოლენჯაშვილი, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება, საქართველოში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი გრაფიკოსის შესახებ აქ  ბევრს არაფერი სმენოდა, სოციალურ ქსელებში, გურამ დოლენჯაშვილის ნამუშევრების ფოტორეპოდუქციების გამოქვეყნების  შემდეგ, მოკლე დროში უდიდესი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა. თუმცა როგორც სააგენტო Info Postalioni-სთვის გახდა ცნობილი, 75 წლის მხატვარს მის მშობლიურ ქუთაისში საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. მუზეუმის თანამშრომლებმა, სადაც მისი ნახატები ინახება, ბატონ გურამს სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დეტალების გასარკვევად “ინფო ფოსტალიონი” ბატონ გურამს დაუკავშირდა . როგორც მხატვარმა გვითხრა, უახლოეს მომავალში მისი ნამუშევრების რეპტროსპექტული გამოფენა იგეგმება. ქუთაისის “სპორტის მუზეუმში”  კონფლიქტი კი იმით დაიწყო, რომ მუზეუმის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ზურაბ ჯავახაძემ მხატვარი, რომელსაც გამოფენისთვის თავისი ორი ნახატის გატანა უნდოდა, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკო. გრაფიკოსის თქმით ეს სწორედ ის ნახატებია, რომლებიც წლების წინ ჯავახაძემ მისი სახლიდან დაუკითხავად წაიღო.

-ბატონო გურამ რა მოხდა “სპორტის მუზეუმში” ? რატომ დაგიპირისპირდათ ზურაბ ჯავახაძე?

-სამოციანი წლების მიწურულს ზურაბ ჯავახაძემ  ქუთაისელი ცნობილი სპორტსმენების მოპოვებული ჯილდოების შეგროვება დაიწყო, ზოგი თხოვნით, ზოგიც კი წართმევით და მოპარვით

-მოპარვით?

-დიახ, პირდაპირი გაგებით… მისი კოლექციის უმეტესობა მოპარვით და წართმევით არის შექმნილი, ამით ტრაბახობს კიდეც. კონფლიქტის დროს რომ ვკითხე რატომ წამართვი ნამუშევრებითქო მიპასუხა: შენ კი არა, ვახტანგ ბალავაძეს მოვპარე მედლებიო…
ერთ მშვენიერ დღეს, ორი დიდი ჩემოდნით, ზურაბ ჯავახაძე  მაშინდელ ქალაქკომის პირველ მდივანს ოთარ ბოჭოიძეს მიადგა და  მაგიდაზე ქუთაისელი სპორტსმენების ჯილდოები დაულაგა. აღფრთოვანებულმა პირველმა მდივანმა იქვე გასცა ბრძანება სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ. გამოიყო ფართი, მაგრამ მხატვარ შემსრულებელი ვერ ნახეს, არავინ იყო თანახმა უფასოდ ემუშავა რამოდენიმე თვე. ბოლოს მომძებნეს მე და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ დამითანხმეს.

-შემდეგ რა  მოხდა?

-მას შემდეგ ზურაბ ჯავახაძე თითქმის ყოველ მეორე დღეს ჩემთან იყო, მთხოვდა ყველაფრის მიტოვებას და მხოლოდ მასთან მუშაობას. მართლაც ბოლოს ისე ინტესიურად ვმუშაობდით, რომ ბევრჯერ თავზე დაგვთენებია. ერთხელ ისევ მომაკითხა სახლში ზურაბმა  და მთხოვა ერთ-ერთი კედლის ესკიზის დახატვა. სანამ მე მაგიდასთან ვიჯექი და ესკიზებზე ვმუშაობდი, თურმე ზურაბს ჩამოუხსნია კედლიდან ორი სურათი: „მეფე როსტევანისა და ავთანდილის ნადირობა“ გრაფიკა და ფერწერული სურათი „დოღი“. მუშაობაში გართულმა ეზოს ჭიშკრის გაღების ხმა გავიგონე, ფანჯარაში გავიხედე და რას ვხედავ: ჯავახაძეს ორივე იღლიაში ამოუჩრია იქეთ- აქეთ ჩემი ნახატები და ჩქარი ნაბიჯებით, თითქმის გარბის. მოულოდნელობისაგან უცებ წამოვხტი და გამოვეკიდე ყვირილით: რას აკეთებ ბიჭო, სად მიგაქვს! შინაურულად ვიყავი ჩაცმული და ეზოს იქეთ ქუჩაში ვერ გავეკიდე. სასწრაფოდ გადავიცვი და მუზეუმში წავედი. იქ დამხვდნენ ქალაქკომისა და აღმასკომის წარმომადგენლები და დაიწყეს ჩემი პატრიოტულად დამუშავება.

-რაზე შეთანხმდით ?

-შევთანხმდით, რომ მხოლოდ დროებით, რამოდენიმე თვით ეს ორი ნამუშევარი ექსპოზიციაში ჩამერთო. მალე საქართველოდან დიდი ხნით გადავსახლდი და ამის გამო ვერ მოვახერხე თბილისში პერსონალური გამოფენის მოწყობა და ნახატების დაბრუნება. ამიტომაც მირჩა და დღემდე იქ ინახება. მას შემდეგ გავიდა 48 წელი. შემისრულდა 75. მომწიფდა და სურვილი მაქვს საქართველოს წინაშე წარვსდგე საანგარიშო გამოფენით. ჩაფიქრებული მაქვს რეტროსპექტული გამოფენა სკოლის ასაკიდან დღემდე. საჭიროა ყველა ნამუშევრის ერთ ადგილზე თავმოყრა და მათი განახლება.

-და ამისთვის მიაკითხეთ ქუთაისის სპორტის მუზეუმს?

-დიახ. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთაისში ჩავედი, სპორტის მუზეუმში შევიარე და ვუთხარი: ხვალ დილით მოვალ და ნამუშევრებს წავიღებ მეთქი. პასუხად  კატეგორიული უარი მივიღე: ისინი სახელმწიფო საკუთრებაა და მას ვერასოდეს წაიღებთ.
ერთი წლის წინ ვიყავი მათთან და არავითარი პრობლემა არ ყოფილა. დავწერე განცხადება ნამუშევრების დროებით გატანის შესახებ და ჩემი განცხადება გადააგზავნეს ქალაქის მერიაში.
მეორე დღეს დილით, მივედი სპორტის მუზეუმში, თან მახლდა ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე. მე მათ ავუხსენი: იმ შემთხვევაში თუ მხატვარი ყიდის ან ჩუქნის მუზეუმს ნამუშევარს, მას აქვს უფლება ურთიერთ ხელშეკრულების საფუძველზე მისი ნამუშევარი დროებით წაიღოს და გამოფენის დამთავრების შემდეგ უკანვე დააბრუნოს.
ჩვენს შემთხვევაში თქვენ არ გიყიდიათ და მე არც მიჩუქნია. ეს ნახატები გაიტაცა ზურაბ ჯავახაძემ, რომელიც აგერ ზის და აცხადებს, რომ თურმე სახელმწიფო საკუთრებაა და არ მაქვს უფლება დროებით გამოფენისათვის გავიტანო.
ამის შემდეგ ჩემთვის მოულოდნელად დატრიალდა ტრაგიკული მოვლენები.

ვიღაც პატარა ტიპი, რომელიც მაგიდასთან იჯდა, წამოხტა და მუშტების ქნევით აყვირდა: -არ გაგატან, არ მოგცემ უფლებას!
ვიკითხე, ეს კიდევ ვინაა? -ბიძინა გუბელაძეა, ფონდების მთავარი მცველიო, იყო პასუხი. თურმე ჯერ სადა ვარ, კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას უნდა ველოდო…

ვიღაც ქალი მომვარდა რაც შეიძლება ახლოს, თვალები დამიქაჩა და განწირული ხმით მიყვირის: -გაეთრიე გარეთ! შენ ვინა ხარ, ვინ! გაეთრიე გარეთ! მისგან გამოყრილი შხეფები სახეშიც კი მომხვდა.
ეს მეცნიერ თანამშრომელი ინგა ჭოხონელიძე ყოფილა…
ჩემსკენ გამოსროლილი შეურაცხყოფების სერია, 82 წლის ზურაბ ჯავახაძემ კიდევ უფრო დააგვირგვინა და საბოლოო წერტილი დაუსვა ამ უმსგავსოებას.

-რა ჩაიდინა?

-ისეთი რამ იკადრა, აქ ვერ დავწერ. ახლა კი თავში ამივარდა, მივედი და ვუთხარი: ეს მუზეუმი ჩემი შექმნილია, სამი თვის განმავლობაში უფასოდ გემსახურებოდი დღე და ღამე, მადლობაც კი ვერ გაიმეტე ვერც შენ და ვერც ქალაქმა.
კიდევ კარგი იქ მყოფმა ორმა ქალმა პოზიტიური როლი ითამაშა, დირექტორმა თინა ანთაძემ და კიდევ ერთმა, სახელი არ ვიცი.
ამ დროს შემოვიდა პოლიციელი, სახელად ვალერა და იკითხა: რა ხდება, რაშია საქმე?
თურმე ჩვენი კამათის დროს ბიძინა გუბელაძეს პატრულისთვის გამოუძახია და უთქვამს: გვიშველეთ, გურამ დოლენჯაშვილი თავს დაგვესხაო…
ახლა კი დავდექი სიცილის ხასიათზე და ვიკითხე ვინ არის ეს ბიძინა გუბელაძე და რას წარმოადგენს თქო. ყოფილი მილიციელია, ერთ დროს გამომძიებლადაც კი მუშაობდაო.
ვერ გავარკვიე რა ხდება ჩემს მშობლიურ ქუთაისში.

-შეცვლილი მოგეჩვენათ თქვენი ქალაქი?

-საოცარი ინტელიგენცია იყო ჩემს დროს და დარწმუნებული ვარ ახლაც არის, მაგრამ მაშინ კარგად ჩანდა კულტურა და ურთიერთპატივისცემა. იყო დიდი მეგობრობა და სიყვარული. წარმოუდგენელია მაშინ ვინმეს სტუმრისათვის ეთქვა: ვინ ხარ შენ! გაეთრიე გარეთ!
ქუთაისლებო! ვინც შემორჩით მანდ: ვალიკო მიზანდარის, რეზო გაბრიაძის, პეტრე ვაჭრიძის, ლევან სანიკიძის, ელო ნაზარიშვილის, პეტრე ჭაბუკიანის, ვანო ვარლამიშვილის, ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ქუთაისო, გეკითხებით: სად გაქრა თქვენი კულტურა და სიყვარული?

გურამ დოლენჯაშვილთან საუბრის  შემდეგ კომენტარი სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელს, თინა ანთაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, მართლაც მოხდა უსიამოვნო ფაქტი, თუმცა პირებმა, ვინც მხატვარს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,  ბოდიში მოიხადეს. 

-ქალბატონო თინა, მხატვარს არ ჰქონდა უფლება  გაეტანა თავისი ნამუშევრები გამოფენისთვის? 

-ეს ნახატები მუზეუმის ექსპონატებია და ასე ხელაღებით ვერავინ წაიღებს თუნდაც დროებით. ეს დარღვევაა.  ბატონი გურამი თუ მიმართავს სამინისტროს და მე დამავალებენ დროებით სარგებლობაში გადავცე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გავატანოთ.

-მაგრამ ბატონი გურამი ამბობს, რომ ნახატები მისი საკუთრებაა და მუზეუმში დროებით ინახებოდა. ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა სამინისტროს ნებართვა?

-მე ამ მუზეუმში 10 წელია ვმუშაობ, ბატონი გურამის ნახატები აქ დამხვდა როგორც სამუზეუმო ექსპონატები. 2007 წელს გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრომ ექსპონატები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. ნახატებს მინიჭებული აქვს სააღრიცხვო ნომერი და წლებია ტურისტებს სიყვარულით ვაცნობთ ბატონი გურამის ნამუშევრებს. მე უძლური ვარ ამ შემთხვევაში.

-ასეთი მწვავე კონფლიქტი რატომ მოხდა ? შეურაცხყოფაზე რატომ გადავიდნენ იქ მყოფი პირები?

-ბატონი გურამი მოვიდა და მოითხოვა ნახატების წაღება. თან 1 წლით. მე განვუმარტე, რომ მიემართა ზემდგომებისთვის. შემდეგ ბატონმა ზურაბ ჯავახაძემ, რომელიც ამ მუზეუმის დამაარსებელია  კითხა, რაშია საქმე, გაყიდვა გინდა ამ ნახატებისო? რის შემდეგაც ბატონმა გურამმა 82 წლის კაცს, რომელსაც დიაბეტი აქვს, ფურცლები შეაყარა. ამის შემდეგ ჩაერთვნენ სხვები და ბატონი ზურაბი დაიცვეს მისგან. ახლაც ვნერვიულობ ეს რომ მახსენდება, ისიც კი ვთქვი, 48 წელია არ მოუკითხავს ამ ნახატებისთვის და რაღა ჩემს დროს მოხდა ეს გაუგებრობა მეთქი.

-საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ახლა ჩამოვიდა.

-მესმის, მაგრამ მე ზემდგომები მყავს, თან შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადეს.

გურამ დოლენჯაშვილის რამდენიმე ნახატი კაკაბაძის სახელობის ქუთაისის გალერეაშიც არის დაცული, როგორც “ინფო ფოსტალიონს” გალერეის  დირექტორმა, ელისო  ჩოგოვაძემ უთხრა,  მათი გალერეიდან ნახატების გატანაზე ბატონ გურამს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
რაც შეეხება სპორტის მუზეუმს, მხატვრის თქმით, მათ თაღლითური გზით აქვთ მითვისებული ნამუშევრები. არ არსებობს ყიდვის, ჩუქების, ან მიღება- ჩაბარების აქტი. ნახატები შემოტანილია ზურაბ ჯავახაძის მიერ და უნდა გასცეს იმავე პირმა,  კულტურის სამინისტრო კი არაფერ შუაშია.

გურამ დოლენჯაშვილი: მოვიარე ნახევარი მსოფლიო და ასეთი რამ ჯერ არ მსმენია: მოპარული და წაგლეჯილი ნახატების დაკანონება ავტორთან შეთანხმების გარეშე ვის გაუგია.
გასაგებია ის, რომ ქალბატონი თინა იცავს თავის თანამშრომლებს, მაგრამ არ ასახავს სწორად ფაქტებს. ზურაბ ჯავახაძემ მე მიწოდა ვაჭარი და კიდევ რაღაც, რომელსაც აქ ვერ ვწერ. მე ქუთაისის პატივისცემისა და სიყვარულის გამო თავი შევიკავე და მხოლოდ ფურცელი გავაფრიალე ჰაერში, თორემ 82 წლის ბერიკაცის ზურაბ ჯავახაძის პატივისცემა ნამდვილად არა მაქვს. ნახევარი საუკუნე გავიდა მას შედეგ, რაც მას უანგაროდ ვემსახურე და არასოდეს ერთი მადლობაც კი არ უთქვამს.
საინტერესოა როგორ და რატომ უნდა გავყიდო 50 წლის წინათ დახატული ნახატი, რომელსაც არავითარი ღირებულება არა აქვს?
იმ მუზეუმების დიდ სიას სადაც ჩემი ნამუშევრები არის დაცული, ვერსად ვერ ნახავთ ქუთაისის სპორტის მუზეუმს, იმიტომ რომ არ მიმაჩნია სწორად ჩემს მიერ შექმნილ მუზეუმში ჩემივე ნამუშევრები დავკიდო…
ერთხელ კიდევ ვეკითხები ჩემს მშობლიურ ქუთაისს: ვინ არის ეს საოცარი არსება, რომელსაც მეცნიერ მუშაკი ინგა ჭოხონელიძე ჰქვია? ჩვენი ქალაქის შემარცხვენელი? მას შეუძლია სტუმარს თვალები დაუქაჩოს, პირიდან შინშხლები ყაროს და მთელი ძალით უყვიროს: ვინ ხარ შენ! გაეთრიე გარეთ…

ფოტოზე: „ქუთაისის ხედი“. ეძღვნება ელ გრეკოს. ფანქარი. 75,2×57,3. 25.03. 2006-9.02. 20007. ავტორი გურამ დოლენჯაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,213 ნახვა
%d bloggers like this: