ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, N40-ში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე 1 მილიონ 755 ათას ლარად გაიყიდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზების განყოფილებაში განაცხადეს, რომ მყიდველის ვინაობა ორშაბათს, 12 მარტს დასახელდება.
1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ქონება ერთი ბიჯით გაიყიდა.
გაყიდული შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ევალება:
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლის] მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, 24 თვის ვადაში დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ საქართველოს 25 მოქალაქის დასაქმება [პროფილის ვადით];
აღნიშნულ პროექტში 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის ვადით პროფილის შენარჩუნება;
აკრძალულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლზე] რაიმე სამუშაოების ჩატარება [შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე.