საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად უმრავლესობამ 3 კანდიდატურა წარადგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად უმრავლესობამ 3 კანდიდატურა წარადგინა. ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, ია მამალაძე და ზაზა შათირიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ფრაქციების თავმჯდომარეებმა დოდო შონავას კანდიდატურაც განიხილა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ზემოთ აღნიშნულ სამ კანდიდატზე შეაჩერა.

თალაკვაძე ამბობს, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცესი მაღალ დონეზე ჩატარდა და შერჩეულ თორმეტივე  კანდიდატს მაღალი კვალიფიკაცია აქვს. რაც შეეხება ზაზა შათირიშვილის საკითხს, თალაკვაძე ფიქრობს, რომ კენჭისყრამდე რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგ კამპანია მიუღებელია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 14 მარტს გადაუგზავნა.

საკანონმდებლო ორგანო  კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.

Facebook Comments

ახალი დადებული