ვფიქრობ, უმაღლესი საბჭო დამიჭერს მხარს და ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ იქ ვმუშაობდი

აჭარის უმაღლესი საბჭო, აჭარის კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 12 დან  4 წევრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დეპუტატებმა 13 ხმით  ბესო ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინეს. პროცესებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრამდე დატოვეს.  ოპოზიცია ითხოვდა, რომ ბიულეტენზე სამი კანდიდატის შემოხაზვის საშუალება ჰქონოდათ, რის საშუალებასაც როგორც უმრავლესობა ამტკიცებს,  საკანონმდებლო ორგანოს რეგლამნეტია არ იძლევა

ბესიკ ლილუაშვილი, 2018 წლის 2 მარტამდე აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ბორდის წევრობის სურვილის გამო დაწერა.

ლილუაშვილთან ერთად, ბორდის წევრობის მსურველი იყო ნათია სირაბიძეც, რომელიც, ასევე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის არჩილ ხაბაძის მმართველობის დროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო, მოგვიანებით კი განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

აჭარის მთავრობაში მუშაობის გამო, ბორდის შესარჩევ კომისიას კითხვები ჰქონდათ ორივე კანდიდატთან. კითხვაზე, ჰქონდა თუ არ აბესიკ ლილუაშვილს გარანტირებული უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა, კანდიდატმა უპასუხა, რომ “გარანტირებული არაფერია”, თუმცა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუატების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.

“ვფიქრობ, უმაღლესი საბჭო დამიჭერს მხარს და ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ იქ ვმუშაობდი” – განაცადა ლილუაშვილმა.

ვიდრე გასაუბრება დიალოგის რეჟიმში გადავიდოდა, ლილუაშვილმა მაუწყებლის განვითარების კონცეფცია წარადგინა. იგი თვლის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველ რიგში ნდობა უნდა აიმაღლოს, რაც პირდაპირ კავშირში იქნება მის რეიტინგთან.

“ნდობის მოპოვებაა მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, თუ არის ნდობა ეს განსაზღვრავს მის ყურებადობას,” – ფიქრობს კანდიდატი, ამის მისაღწევად კი საინფორმაციო სამსახურის გაძლიერების აუცილებლობას ხედავს.

“აუცილებელია საინფორმაციო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით, განვითარდეს და შეიქმნას ძლიერი საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი, ქონდეს მაუწყებელს მობილური აპლიკაცია, ამოქმედდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რადიოს რეორგანიზაცია, ქართული ეროვნული კინოდოკუმენტალისტიკა და ზოგადად კინოს განვითარება” – განაცხადა ლილუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,  ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პირველი და მთავარი პრობლემა აჭარის მაუწყებლისთვის შენობაა, თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ მიმართავს მაუწყებელი აჭარის მთავრობას დასახმარებლად, მაშინ როცა ამაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იზრუნოს.

Facebook Comments

ახალი დადებული