სოციალური ქსელები და მედია

ვინ არის დავით კარტოზია, რომელიც გლეხებს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება

Nusagi

პროექტი, რომლის შესახებაც დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოს რეგიონში ბევრმა იცის, თუმცა არსებობს კითხვები, რამდენად კეთილსინდისიერი ხალხი დგას ამ პროექტის უკან და ხომ არ სძალავენ ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეებს თანხებს.

„ქართული ეკონომიკის აღორძინება და ამერიკის მთავრობის გრანტები საქართველოს“ – ამ მომხიბვლელი წინადადებით ადგილობრივებს გასული წლის  ივნისში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს, რომლსაც სათავეში ამერიკაში მოღვაწე ქართველი დავით კარტოზია უდგას. ZIDF-ისა და IMTD-ის სახელით ცნობილმა ორგანიზაციებმა საქართველოს რეგიონები აქტიურად მოიცვა. ვინ არის დავით კარტოზია? რა გეგმები აქვს რეალურად საქართველოში და რასთან აქვთ საქმე ჩვენს მოქალაქეებს?

გამომდინარე იქიდან, რომ რედაქციაში ამის გასარკვევად არაერთი მოქალაქე დაგვიკავშირდა, გადავწყვიტეთ, თავად ამ ორგანიზაციების დამფუძნებელს გავსაუბრებოდით. დავით კარტოზიას „პრაიმტაიმის“ აშშ-ში მყოფი ჟურნალისტი შეხვდა. მკითხველის თხოვნით, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

დავით კარტოზია, აშშ-ში მოღვაწე ქართველი:

– ორგანიზაციის შექმნაზე აქტიური მუშაობა, ჩემს უფროს ვაჟთან, გიორგი კარტოზიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, 15 ივლისს დავიწყე. ეს ძალიან ცოტა დროა, ფაქტობრივად, მოსამზადებელი პერიოდია და, საბედნიეროდ, დიდია ის შედეგი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს. ამ დროისთვის ჩვენი ორგანიზაცია ექვს სათავო და ოცდაათამდე რაიონულ ოფისს აერთიანებს. იმ მოქალაქეების რიცხვი კი, რომლებიც განცხადებით მოგვმართავენ, ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი მიზანია საგრანტო პროგრამების არსის ძირეული შეცვლა, რადგანაც ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხის 100% საქმეს უნდა მოხმარდეს. ორგანიზაცია კი მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხით დაკმაყოფილდეს. როდესაც პირველად გავაჟღერე იდეა, ამერიკელებმა ალმაცერად შემოგვხედეს. მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის ქართული მხარის ფუძემდებლები, ქალბატონები ქეთევან გეჯაძე, ნინო ქობალია, დარეჯან გილაშვილი, ლია ნიკოლოზიანი, ლალი თურქოშვილი, მერი კაკრიაძე, ია ლეკიშვილი და ბევრი სხვა, შესაშური ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმეს და საოცრება მოახდინეს, სისტემა ამუშავდა, რაც გარანტიაა გრანტის დროულად მიღებისა. ისინი რიგით ქართველებთან პირადად მიდიან და მოსახლეობისგან იღებენ ინფორმაციას, რა სჭირდებათ მათ. პროექტის განხორციელება, არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, თვითდაფინანსების გარეშე ვერ დაიწყებოდა და ამიტომაც განმცხადებლებისთვის დაწესდა საწევრო გადასახადი, სიმბოლური თანხა 10 ლარის ოდენობით. ეს თანხა ნამდვილად სიმბოლურია, მე გლეხის 10 ლარი არაფერში მჭირდება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ერთჯერადი საწევრო შესატანი და ითვალისწინებს მათი იდეის მომსახურებას. ჩვენ პროექტებს არ ვიღებთ, ვიღებთ იდეას, რადგან დღეს ჩვეულებრივ მოქალაქეს პროექტის დაწერა არ შეუძლია, ვინაიდან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბევრი უმსგავსობა ავიცილეთ თავიდან, „ვიღაც-ვიღაცებმა“ ადამიანებს ზედმეტი თანხებიც მოსთხოვეს, თუმცა მათზე საქმეებია უკვე აღძრული და, სავარაუდოდ, წავლენ ციხეში. დღეის მდგომარეობით გამოცხადებულია კონკრეტული იდეების მიღების პერიოდი. მაგალითად, ოჯახს უნდა, რომ 10 ძროხა ჰყავდეს, აქვს ამის პირობები, ტერიტორია და შემოაქვს განაცხადი. მიღებულ ინფორმაციას ჩვენ ვაქცევთ ერთ ბაზაში და ვაყალიბებთ კონკრეტული მოქალაქეების სახელებითა და გვარებით, რამდენ ადამიანს უნდა მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა, და ა.შ. ამით ჩვენ, პირველ რიგში, მოვიპოვებთ რეალურ ინფორმაციას, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება ქვეყანას და ჩვენი ორგანიზაციის გავლით ვაწვდით ამ ინფორმაციას ამერიკის მთავრობას, USAID-სა და სხვა დონორებს, რომელთა რაოდენობაც 70-ს აჭარბებს. როდესაც ეს თანხა დაიწყებს შემოსვლას, ის გამიზნულად და კორექტულად დაიხარჯება. დღეის მდგომარეობით 20-30 ათას განმცხადებელზეა საუბარი, მაგრამ გეტყვით, რაც უფრო მეტი განაცხადი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, მით მეტი დაფინანსების მიღების შანსი გვეძლევა. ეს იქნება ერთიანი დაზღვეული სისტემა. გლეხი თავის ბიზნესზე იქნება პასუხისმგებელი, ორგანიზაცია კი უზრუნველყოფს მისთვის ყველა პირობის შექმნას. საუბარია 200-დან 20 ათას დოლარზე, თითოეული ოჯახისთვის. დღეის მდგომარეობით ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილია 80 მილიონი აშშ დოლარი. ჩვენ გვსურს პროექტის განხორციელება ჩვენი ორგანიზაციის გავლით მოხდეს. რადგანაც ვართ გარანტორები იმისა, რომ ეს ფული ხალხამდე მივა.

– რა პერიოდს მოიცავს პირველი ეტაპი და როდის დაიდება პირველი შედეგი?

– პირველი ეტაპი თვითდაფინანსებისა დამთავრდება მაშინ, როდესაც შემოვა დაფინანსება (გრანტი). პროექტების მიღება და იდეების მიღება არ დასრულდება, უბრალოდ, ის 10 ლარი აღარ ექნებათ შემოსატანი. განაცხადი უკვე გაკეთებულია, რაზედაც დასტური იანვარში მივიღეთ. ასეთი პროექტის მიღებასა და განხილვას ბიუროკრატიული პროცედურების გავლა სჭირდება. ის პირველი ორგანიზაციიდან, USAID იქნება ეს თუ სახელმწიფო დეპარტამენტი, მიდის კონგრესში და ყველაფერ ამას კანონიერად გაწერილი ვადები აქვს, 6 თვიდან ერთ წლამდე. საგრანტო პერიოდი კი ერთი წლიდან ორ წლამდე პერიოდს მოიცავს. ჩვენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შედარებით ნამდვილად ვართ პრიორიტეტული, რადგან აქ არა ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი. კონკრეტული სახელებითა და გვარებით, რომლებიც პირადად სთხოვენ ამერიკის მთავრობას დახმარებას. ვეუბნები ქართველებს, როდესაც ერთად დგახართ, ბევრად ადვილია თქვენი დანახვა, ხმის გაგონება და რეალური დახმარება.

მოკლედ, როგორც ჩვენი რესპონდენტი ირწმუნება, მისი ორგანიზაცია ამერიკაში ცნობილ ადამიანებს აერთიანებს და ის ქმედითი იქნება.

„ჩვენი ჯგუფის წევრია რობერტ კელი, ბილ ტაკერი, ჯონ კლაინი, ჯო დიჯენოვა… ბობი არის ადამიანი, რომელიც კონგრესის ყოფილი მრჩეველია უშიშროების საკითხებში. ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ამერიკის მთავრობასთან. ის იყო დონალდ ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა არჩევნებში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ ოფისში გვყავს მაიკლ კლაინეგელი, ის ყოფილი კონგრესმენია და აყალიბებს ამერიკაში, ქართულ-ამერიკულ ბიზნესასოციაციას, რომელმაც უნდა მოახდინოს ბევრი ცვლილება. ამაზეც გეტყვით ორ სიტყვას, რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია. „ქართულ-ამერიკული ბიზნესასოციაცია“ გრანტით მიღებულ მოსავალს დააბინავებს. მაგალითად, ავიღოთ მეფუტკრეობა. ის ამერიკული საიმპორტო ლიცენზიით საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ჩვენი თაფლის რეალიზებას. ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების წრე და ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის“.

„როცა აპლიკანტების რაოდენობა გაიზარდა, ჩვენ დაგვრჩა რაღაც „ლუფტი“, რომელიც უკვე შეგვეძლო რაღაც კონკრეტული საქმისთვის მოგვეხმარებინა. საუბარია იმ ათლარიან საწევროებზე. განცხადებით მოგვმართა ლანჩხუთელმა ახალგაზრდამ, სემინარიის სტუდენტმა ალეკო ლომაძემ, რომელსაც ჰქონდა პატარა მებოცვრეობის ფერმა და სურდა მისი გაფართოება. ჩვენ სიამოვნებით დავეხმარეთ ალეკოს ამ პროექტის განხორციელებაში და მინდა გითხრათ, ის არ არის ერთადერთი ადამიანი. ბაგრატ ივანაძე ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. ეს 11-შვილიანი ოჯახია, რომელსაც საცხოვრებელი სახლი დაეწვა. მან გამოგვიგზავნა ვიდეო, ფუტკრის მოშენება უნდა, იცის, როგორ უნდა მოუაროს მას და ზუსტად შეუძლია გითხრათ, რა შემოსავალს მიიღებს მისი ოჯახი ამ ბიზნესიდან. ჩვენ ასეთ ადამიანებს ვაერთიანებთ და ვცდილობთ, ამ ხალხის ხმა მივაწვდინოთ ამერიკის მთავრობას. როდესაც ასეთ საფუძველზე იწყებს ორგანიზაცია მუშაობას, ის არა მხოლოდ ამერიკელი, არამედ ევროპული დონორებისთვისაც სასურველია. იმდენად გახსნილი ვარ მე პირადად ყველაფრისთვის, რომ ნებისმიერს შეუძლია, რაც უნდა, ის გამომიგზავნოს, როდესაც ამ აჭარელ კაცს შეუძლია ჩემთან დაკავშირება, ასევე, ხელმისაწვდომი ვარ ყველასთვის“, – ამბობს დავით კარტოზია.

რაც შეეხება იმ ეჭვებსა და კითხვებს, რომელიც მისი საქმიანობის ირგვლივ არსებობს, კარტოზია ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი კონკრეტული საქმით გაეცემა.

„რა თქმა უნდა, ეს მარტივი პროცესი არ არის და წინააღმდეგობებს ველოდებით, თუმცა არ ველით წინააღმდეგობას საქართველოს მთავრობისგან. თუ ვინმეს აქვს კითხვა, ჩვენ ღია ვართ და ყველას შეგვიძლია, ვუპასუხოთ. რაც უფრო მეტია კითხვა, მით მეტად გავცემთ მას პასუხს“

ავტორები: ნანა შონია, ალექსანდრე ჩხეიძე ვაშინგ

წყარო:primetime.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: