კრიმინალი

თბილისის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა

Nusagi

თბილისის, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. ინფორმაციას  „ედუ არის ჯი” ავრცელებს.

როგორც EDU.ARIS.GE-თვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესი ჩაშალა.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლე მასწავლებელს შემდეგი ფრაზით დაემუქრა – ,,ციხეში ჩავჯდები, მაგრამ მაინც მოგკლავ”, თუმცა მოგვიანებით მოსწავლემ აღნიშნა, რომ ეს აღელვების ნიადაგზე მოუვიდა.

სკოლის დირექციამ სპატრულო პოლიციას მიმართა, რომელმაც მოსწავლეს ხელწერილი დააწერინა, თუმცა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, “ამ მოსწავლისგან ყველაფერი მოსალოდნელია”.

მათივე თქმით, აღნიშნული მოსწავლე საკმაოდ ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა და მუდმივად შლის საგაკვეთილო პროცესს, დირექცია კი უკვე დიდი ხანია მის მშობლებს სკოლაში იბარებს, თუმცა უშედეგოდ. ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ კი მამა სკოლაში, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანეს.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, სკოლას მსგავსი მოსწავლის გასარიცხად არანაირი ბერკეტი არ აქვს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რიცხავს, თანაც იმ ფონზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს სწავლის შანსი არ დაუკარგონ.

როგორც სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დირექტორებმა ამ საკითხზე კითხვით განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, შეხვედრაზე ორჯერ მიმართეს, თუმცა მინისტრმა პასუხს თავი აარიდა.

სკოლის დირექტორის თქმით, ასეთი მოსწავლეების სკოლაში ყოფნა-არყოფნის საკითხი სხვა სკოლების დირექტორებსაც აწუხებთ. მისი თქმით, მსგავსი მოსწავლეების სკოლაში სასწავლებლად კი არა პირიქით, სასწავლო პროცესის ჩასაშლელად დადიან.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დისციპლინის დაცვა დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემაზე, ხოლო დისციპლინური სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომიერი. კანონით ასევე, განსაზღვრულია სკოლის ვალდებულება, რომ გაკვეთილიდან გაძევების ან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, მოსწავლე ჰყავდეს თავისი მზრუნველობის ქვეშ და მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში მიმართა რეკომენდაციით, რომ მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა კანონმდებლობის დონეზე განისაზღვროს სკოლიდან დროებით დათხოვნის, როგორც დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობები და კონკრეტულად გაიწეროს აღნიშნულ პროცესში საჯარო სკოლების როლი.

“მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიული აქტით არ არის მოწესრიგებული მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების წესი, რაც უზრუნველყოფდა არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს დისციპლინური წარმოების პროცესში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის ზომად საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა კანონმდებლობის დონეზე არ არის სრულად მოწესრიგებული და წარმოშობს ბავშვის განათლების უფლების დარღვევის რისკს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი უნდა იყოს სწავლება და აღზრდა, რაც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, გაიაზროს მის მიერ ჩადენილი ქმედების უარყოფითი შედეგები. აღნიშნულ პროცესში კი განსაკუთრებული როლი სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უჭირავს”, – ნათქვამი იყო ომბუდსმენის განცხადებაში.

2017 წლის იანვარში განათლების სამინისტრომ ძალადაკარგულად გამოაცხადა 2012 წელს მიღებული წესი მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების შესახებ და ახალი წესი დაამტკიცა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ შემთხვევაზე სკოლის რეაგირების საკითხს არც ეს დოკუმენტი პასუხობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: