გარდაიცვალა ლეილა აბაშიძე

ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ინფო ფოსტალიონს” კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა დაუდასტურა.

მსახიობი ერთი თვის წინ გულის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წელს ფილმში „ქაჯანა”, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს.

იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო.

1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957). ფილმმა „ჭრიჭინა“  უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა.
1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან” ,ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

2008 წელს, თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

Facebook Comments

ახალი დადებული