არ მგონია, კობახიძის შეფასებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რა არის შეცდომა და რა არა

,,უმრავლესობის სხდომაზე მექნება კითხვები ამ კომენტართან დაკავშირებით, რა არის შეცდომა, რა არა” – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდრომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

„რა არის შეცდომა და რა – არა, ეს კიდევ საკითხავია და არ მგონია, მისი შეფასებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რა არის შეცდომა და რა არა. იქნებ მე სხვა რაღაც მგონია შეცდომა ან ასეთი განცხადების გაკეთება. ჭეშმარიტებაზე და სიმართლეზე ასე თამამად ნუ ვილაპარაკებთ. უმრავლესობის სხდომაზე მექნება კითხვები ამ კომენტართან დაკავშირებით, რა არის შეცდომა, რა არა. ვინ არის ის სამი-ოთხი კაცი დაასახელონ, ეგებ გავბედნიერდე და აღმოვჩნდე ამ სამ-ოთხ კაცში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, პაპუაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „არ მგონია, უმრავლესობის დატოვება ჩამეთვალოს ან ვინმეს ჩაეთვალოს დიდ ცოდვად. ამას სჭირდება არგუმენტაცია, ამას სჭირდება ახსნა, ხელაღებით რაღაცების კეთება არ შეიძლება. მე ვარ ცალკე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციაში ჩემი კოლეგები არიან. მათთან კონსულტაციის გარეშე, მათთან შეუთანხმებლად ასეთი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება. ასეთი საკითხები ისტერიულად არ უნდა გადაწყდეს. მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ ან ზეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რამდენიმე დეპუტატმა საჯარო განცხადებების დროს შეცდომა დაუშვა. „საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3–4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, – აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული