თვითმხილველი, რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირებას გამორიცხავს

ნიგერიელ სტუდენტებთან მიმართებაში მომხდარი ინცინდენტის  შესახებ ადგილობრივი მცხოვრები და თვითმხილველი “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს.

როგორც თვითმხილველი ამბობს, მას უშუალოდ ჩხუბის დასაწყისი არ უნახავს, თუმცა, როდესაც ხმაურზე ფანჯრიდან გაიხედა, დაინახა, რომ უცხოელების ჯგუფი მის მეზობელს ეკამათებოდა, შემდეგ ხელი ჰკრეს და იგი წაიქცა.

„ნიგერიელი სტუდენტები მთელი დღე მოედანზე იყვნენ. კარგი ამინდი იყო და ფანჯარა ღია მქონდა, თუმცა შემდეგ დავკეტე, რადგან ძალიან ხმაურობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გავიხედე ფანჯარაში, დავინახე, რომ ფერადკანიანების ჯგუფი ჩემს მეზობელს ეჩხუბებოდა. ამის შემდეგ მას კრეს ხელი და ის წაიქცა. ჩემი მეზობელი მარტო იყო მათთან. სანამ ეზოში ჩავედი, ამ დროს გვერდითა ეზოდან გადმოვიდნენ სხვა მეზობლები. ასევე ქალების კივილი ატყდა, რომ ჩვენს მეზობელს სცემდნენ და ყვიროდნენ – რას შვრებით, რატომ ურტყამთო. სხვათა შორის ბევრი ამ ფერადკანიანებს უკან სწევდა და აწყნარებდა. ამ დროს შესაძლოა ჩვენი მეზობლები ცოტა ნასვამებიც იყვნენ“, – განაცხადა თვითმხილველმა.

მისივე ინფორმაციით, პოლიცია წუხელვე მივიდა ადგილზე და მეზობლები გამოკითხვაზე წუხელვე ჰყავდათ. „ისიც ვიცი, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შერიგდნენ. მათ იკითხეს კიდეც, მსგავსი რომ აღარ განმეორდეს და არ შეგაწუხოთ, რა დროს ვითამაშოთო. ჩვენმა მეზობლებმა უთხრეს, რომ შაბათ-კვირის გარდა როცა გინდა ითამაშეთ, მაგრამ შაბათ-კვირას ბავშვები სახლში არიან და მათ უნდა ითამაშონო“, – აღნიშნავს თვითმხილველი „ინტერპრესნიუსთან საუბრისას და რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირებას გამორიცხავს.

გუშინ, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ის წერს, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მვიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს “მათი კანის ფერის გამო მოხდა”. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული