გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ნუ ეჩქარება ეს პროცესი

“გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ნუ ეჩქარება ეს პროცესი. მე მგონია, რომ ვისაც ძალიან ეჩქარება, სულ ტყუილად, მოცდა მოუწევს”– ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

“მე არ მომწონს ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები. ეს ამხანაგური სასამართლოებიც ძალიან უხერხულია, ამიტომ ამას ყველამ თავი უნდა დაანებოს. საჭიროა შეხვედრა უმრავლესობის შიგნით. გედი ფოფხაძეც, ვიცი, რომ ამ შეხვედრას ელოდება. მას არავითარი ოფიციალური პროცედურები ჯერ არ დაუწყია, არავითარი განცხადება არ დაუწერია. თქვა, რომ რაღაც საკითხებია გასარკვევი და ეს უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში. საჯარო განხილვები, თუ ვის რა მოეწონა, არ მოეწონა, არ მგონია, რომ იყოს კარგი და ჯანსაღი”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასების  საპასუხოდ, რომ ფოფხაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს, ბესელიამ განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილთა შორის არ არის.

“არ ვიცი, რომელ განცხადებაზეა საუბარი, რა არის შეურაცხმყოფელი. ამ საკითხებს სჭირდება შიგნით დისკუსია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გარეთ საუბრობს იმაზე, რაც არ მოსწონს. ვარჩევ საკითხებს, რაზე უნდა ისაუბრო საჯარო სივრცეში და რაზე – შიგნით. მე მგონია, რომ ყველამ უნდა გაარჩიოს ეს”,– განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომას, სადაც ის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილეა, არც დღეს ესწრება.

Facebook Comments

ახალი დადებული