დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს

დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა.

შესაბამისი ცვლილება შესაბამის დადგენილებაში საკრებულომ უკვე დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში არასწორად გაჩერებული ავტომობილების მფლობელებს „სითი პარკის“ ნაცვლად თბილისის სატრანსპორტო კომპანია დააჯარიმებს. ასევე ამ კომპანიის თანამშრომლები შეამოწმებენ, აქვთ თუ არა მძღოლს გადახდილი პარკირების საფასური.

კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება. თუ ათ აპრილამდე ავტომობილის მფლობელს დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა, ის ვალდებულია თანხა კვლავ „სითი პარკს“ გადაუხადოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან პარკირების სისტემა მართონ, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის კუთხით. დღეიდან შეიცვლება დედაქალაქში საპარკინგე ადგილებზე განთავსებული „სითი პარკის“ ლოგოიანი საინფორმაციო დაფებიც.

კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

Facebook Comments

ახალი დადებული