ადვოკატი-მერის განცხადება, როგორც მინიმუმი, არასერიოზულია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი, შოთა თუთბერიძე, რომელიც ნიგერიელ სტუდენტებს იცავს, ,,ნეტგაზეთთან” თბილისი მერის, კახი კალაძის დღევანდელ  ინიციატივას ეხმაურება, რომ 8 აპრილს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს ფეხბურთში. შერიგების მატჩის ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა.

თუთბერიძის თქმით, მერის მსგავსი განცხადება, როგორც მინიმუმი, არასერიოზულია და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულებს ახალისებს.

,,მე არ მგონია, რომ ეგ ინიციატივა საერთოდ სერიოზული არის. არასერიოზული განცხადებაა, რომელიც აცდენილია რეალობას იმიტომ, რომ ამხანაგური მატჩი გაიმართება თუ არა, ამ შემთხვევაში არარელევანტურია, იმიტომ, რომ მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ, – განმარტავს შოთა თუთბერიძე.

მისივე თქმით, იმის ფონზე, როცა დამნაშავეები არ დასჯილან, მერის მხრიდან ასეთი განცხადებები დისკრიმინაციულ დანაშაულს ახალისებს.

-,,როცა მერი ამ ამბის შემორიგებისკენ, დაწყნარებისკენ და დავიწყებისკენ მოუწოდებს იმ მოტივით, რომ თურმე ჩხუბები ყველგან ხდება, ასეთი მიდგომა სწორედაც რომ ამართლებს ადგილობრივების საქციელს. ეს მიდგომა ახალისებს ამ ტიპის დანაშაულებს და არ შეიძლება რაიმე სახის ლეგიტიმაციას ემსახურებოდეს, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

მისივე თქმით, ამხანაგურ მატჩზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც თავმდამსხმელებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებათ.

წყარო: sarkenews

Facebook Comments

ახალი დადებული