გაეროში რუსეთმა სირიის შესახებ აშშ-ის რეზოლუცია დაბლოკა

რუსეთმა სირიის შესახებ აშშ-ის რეზოლუცია დაბლოკა. რეზოლუცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე იყო წარმოდგენილი.

ვაშინგტონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიების ახალი მექანიზმის შეთავაზებით გამოდის. საუბარია გაეროს ექსპერტების მისიის შეცვლაზე.

დოკუმენტს ხმა მისცა საბჭოს 12-მა წევრმა, წინააღმდეგ-რუსეთმა (გაეროს მუდმივი წევრი) და ბოლივიამ, ჩინეთმა თავი შეიკავა.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ აშშ თავისი რეზოლუციის პროექტით “ცდილობს ააღორძინოს გამოძიების ერთობლივი მექანიზმი , რომელმაც დაუდასტურებელი მონაცემებით სირიას განაჩენი გამოუტანა”.

“აშშ-ის დელეგაცია კვლავ ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და კონფრონტაციისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, როცა ისეთ რეზოლუციას აყენებს კენჭისყრაზე, რომელსაც უსაფრთხოების საბჭოს წევრთა ერთსულოვანი მხარდაჭერა არ გააჩნია”,-განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებეზნიამ.

მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ვარიანტის შესახებ კომენტარი გააკეთა. “ჩვენი რეზოლუციები მსგავსია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.  ჩვენი რეზოლუცია გარანტიას იძლევა, რომ გამოძიება ნამდვილად დამოუკიდებელი იქნება. რუსეთის რეზოლუცია კი რუსეთს აძლევს შანსს, აირჩიოს გამომძიებლები, შემდეგ კი შეაფასოს მათი ნამუშევარი”-განაცხადა მან და საბჭოს წევრებს მოუწოდა, დაბლოკონ რუსეთის რეზოლუცია.

მანამდე, 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში დამრტყმელი ავიამზიდები გაუშვა ბირთვული ავიამზიდის, “ჰარი ტრუმენის” მეთაურობით. სირიის სანაპიროს კი ამერიკული გემი მიუახლოვდა, რომელიც  „ტომაჰავკის“ ტიპის 60 ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.

6 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქ დუმაში, სადაც სამთავრობო ძალებმა შეტევა დაიწყეს,  ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული