1870 წელს პარიზის ალყიდან საჰაერო ბურთით გაფრენილი წერილი ავსტრალიაში იპოვნეს

ავსტრალიის ეროვნული არქივი ცდილობს დაადგინოს, თუ როგორ მოხვდა მის კოლექციაში პარიზის ალყის დროს საჰაერო ბურთით გაფრენილი წერილი.

პატარა წერილი საფრანგეთის დედაქალაქში 1870 წელს არის დაწერილი მამაკაცის მიერ და მისი ადრესატი წერილის ავტორის ნორმანდიაში მცხოვრები დედაა. „ა“ ან „ჩ“ (Charles) მესნიე (ან მესმერი – Mesmier) ეკითხება დედას, თუ როგორ გრძნობს თავს ის და მისი ოჯახი.

როგორც ეროვნულმა არქივმა განაცხადა, ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა “ისტორიის დამაინტრიგებელი ნაწილი” ავსტრალიაში, არ არსებობს.

მუზეუმის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, ლუის დოილმა BBC-ს განუცხადა, რომ წერილი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის და მისი ფრანგი კოლეგა გამოფენის შესაძლო მოწყობაზე მსჯელობდნენ. “ჩვენ ჩვენს კოლექციებში ვიქექებოდით, რათა გვენახა, თუ რა მასალები გვაკავშირებს საფრანგეთთან და სწორედ მაშინ ვიპოვეთ ისტორიის ეს დამაინტრიგებელი ფურცელი“. 1870 წლის სექტემბრიდან 1871 წლის იანვრამდე, ფრანკო-პრუსიის ომის დროს, პრუსიის ძალებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული პარიზი. დარტყმული შტამპი აჩვენებს, რომ წერილი ფოსტით პარიზიდან 7 დეკემბერს გაიგზავნა, შუა ალყის დროს და ქალბატონმა მესნიემ იგი ერთი კვრის შემდეგ მიიღო. “მე იმაზე მეტი არაფერი მინდა, ოღონდ გავიგო, რომ კარგად ხარ და დამიდასტურო ეს“, წერს მამაკაცი, რომლის ასაკიც უცნობია, პატარა ასოებით და სუფთა ხელწერით. “ჯერჯერობით ალყაში ყოფნას არ მოუხდენია გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ბევრი ხორცი არ გვაქვს ყოველ დღე, მაგრამ როდესაც გვაძლევენ, მართალია ბევრი არაა, მაგრამ გვყოფნის და არავინ არ არის უკმაყოფილო, აკოცე ჩემს მაგივრად ბიძიას და დეიდა მარიას, გეხვევით მთელი გულით. შენი ერთგული შვილი.”

მამაკაცი წერილში ვრცლად ყვება იმ გრძნობებზე და ერთგულებაზე, რომელსაც მისი თანამემამულე პარიზელები იჩენენ პრუსიელების შესაჩერებლად. “ჩვენ არ შეგვიძლია წარმატების მიღწევა ყველა ჩვენს შეტევებში, მაგრამ მაქვს მტკიცე რწმენა, ჩემო კარგო დედა, რომ საბოლოო წარმატება ჩვენი იქნება”, წერს იგი.

პატარა წერილი ზომებით მხოლოდ 20 სმ x 13 სმ-ია და აქვს შტამპი – „საჰაერო ბურთით მიწოდებისათვის”. თითქმის ორი მილიონი წერილი იყო გაგზავნილი ამ გზით ალყის დროს, რათა გვერდი აევლოთ მტრისთვის, მას შემდეგ, რაც კაბელები იქნა გადაჭრილი მდინარე სენის ქვეშ.

საჰაერო ბურთებს ხშირად გადაქონდათ მნიშვნელოვანი მიმოწერა, ისევე როგორც მტრედებს, რომლებსაც შეტყობინებები უკან პარიზში მოქონდათ. წერილები ლამაზად იყო დაკეცილი პაწაწინა კონვერტში, ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დატეულიყო საჰაერო ბურთში. “მე ეს რომანტიულად და ელეგანტურად მეჩვენება, ლამაზ ურთიერთობად, როგორი ურთიერთობაც ამ კაცს აქვს თავის დედასთან“, განაცხადა დოილმა.

დოილის მოსაზრებით, შესაძლოა წერილი აუქციონზე შეიძინეს და შემდეგ საჩუქრად გადასცეს კვინსლენდის ფოსტის მუზეუმს, მაგრამ მისი მარშრუტი მაინც არ არის გარკვეული.

ეროვნული არქივი იმედოვნებს, რომ დადგინდება, არსებობს თუ არა სერიოზული ავსტრალიური კავშირები წერილთან და ცხოვრობენ, თუ არა წერილის გამგზავნის ნათესავები ქალაქ ბრისბენში, ავსტრალიაში.

Facebook Comments

ახალი დადებული