მუხიანში ახალგაზრდა კაცი ნათესავმა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13 აპრილს მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ნახეს. მას ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული გარდაცვლილის ნათესავია.

პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი – „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული