მამუკა ბახტაძე: ორშაბათს ბანკებთან სერიოზული საუბარი გვექნება

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორშაბათს ბანკების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა, სადაც ახალი რეფორმის შესახებ ისაუბრებენ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია.

„საბანკო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია. ამ სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ასევე მნიშვენლოვანია, რომ სხვა სექტორებშიც გვქონდეს სწრაფი ზრდა”, – განაცხადა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკის ამოცანა სიღარიბის დაძლევა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.

“დღეს ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროექტები და იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა არის გართულებული. აქედან გამომდინარე ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი წინაღობა კონკურენტუნარიანი პროექტების განხორციელებისთვის. შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მოკლე დროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკის მთავარ ამოცანას ეს არის – სიღარიბის დამარცხება. სიღარიბის დამარცხება გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და წახალისებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული