ვაჟა ბერიძე- „ოცნებას” მხოლოდ ერთი კაცი იხსნის, რომელმაც ახლახანს მაშველი რგოლი გადმოუგდო მას

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ბანკების მისამართით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება და მის გამოსვლას წარუმატებელ დებიუტს უწოდებს.

„ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ,,ტექნოპარკში” მოსალოდნელი მჟღერი რეაქცია მოჰყვა. ბანკების მაღალი პროცენტებით და საქმიანობით უკმაყოფილო საზოგადოებამ განცხადება მოიწონა. ფინანსისტებმა, ეკონომისტებმა და ანალიტიკოსებმა ძირითადად დაიწუნეს.

განსაკუთრებით საკამათო აღმოჩნდა მისი განცხადება, რომ ბანკები არ ასრულებენ ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას და საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია. მინისტრმა მეორე დღეს ფაქტობრივად უარყო წინა დღეს ნათქვამი და განაცხადა, რომ ,,საბანკო სისტემა ჩვენი ეკონომიკის ყველაზე წარმატებული სექტორიაო“.

ეკონომისტები, რომლებმაც სამართლიანად მიუთითეს, რომ ბახტაძის განცხადება აღქმული იქნა როგორც ხელისუფლების იერიშის დასაწყისი ბანკებზე არის სახიფათო და საშიში, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ლამის ანათემას გადასცა. ისინი მოინათლნენ ბანკირების ლაქიებად.

ბუნებრივია, ბევრს არც ჩემი აზრი მოეწონება ამ განხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ სჯობს ვიყოთ წინდახედულები, ვიდრე სახიფათო ავანტიურების და ექსპერიმენტების წამქეზებლები. მართლაც საბანკო სისტემა ფაქიზი ინსტიტუტია და რყევების გამოწვევა მასთან მიმართებაში უკიდურესად სახიფათოა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, დაწყებული მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე გაჩნდა ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სისტემის ჩამოშლის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხუთ მილიარდიანი ინექციის წყალობით იქნა თავიდან არიდებული. მართალია არის ეჭვი, რომ ამ რესურსის ნაწილი კორუფციულ ,,ბერმუდის სამკუთხედში” აორთქლდა, მაგრამ მიზანი მიღწეულ იქნა. საგარეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული საფრთხეები დღესაც სერიოზულია და ესეც უნდა იქნას გათვალისწინებული.

ნებისმიერმა მსურველმა შეუძლია წარმოიდგინოს რა მოხდება ბანკების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში. მერწმუნეთ ვითარება ინტენსიური დაბომბვის შედეგებზე არანაკლები იქნება. სხვა საკითხია ჩვენი საბანკო სისტემის ხარვეზები – მოსახლეობის მასობრივი სასესხო ვალდებულებები ბანკების წინაშე, საკრედიტო რესურსის სიძვირე, მათ შორის ბიზნესისთვის, ფაქტობრივი ოლიგოპოლია ამ სფეროში, კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა, რაშიც ბანკებიც სცოდავენ, რომლებიც საფონდო სივრცეს აკონტროლებენ და ასე შემდეგ. თან ამ საფრთხეზე აცხადებს მინისტრი, რომელიც სფეროს მარეგულირებელთან – ეროვნულ ბანკთან ერთად პასუხისმგებელია საქმეთა ვითარებაზე, ანუ ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში დღემდე, არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად.

ბუნებრივია, მინისტრის მიერ გაცხადებული სტარტაპების დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა მისასალმებელია, სტარტაპერებს საქართველოში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში,უჭირთ, სხვა ქვეყნის ბანკებშიც სტარტაპებისთვის განკუთვნილ სესხებზე პროცენტები ასევე მაღალია. ამიტომ, ცალკეული პროგრამების ფარგლებში სტარტაპების მხარდაჭერა მიზანშეწონილი და აუცილებელია.

ამასთან ასეთი კარდინალური და რადიკალური შეფასებების გაკეთება საქართველოში ფუნქციონირებადი ბანკების მეპატრონეებთან და ბანკირებთან მოთათბირების გარეშე დაუშვებელია. მით უმეტეს, ერთ–ერთი წამყვანი ბანკის – ,,თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე უკვე მეორედ, საჯაროდ და ცალსახად აცხადებს, რომ მზადაა ყველა ინიციატივისთვის, რომელიც ქართულ ეკონომიკას დაეხმარება. უფრო უპრიანი იქნებოდა მინისტრს მასთან ერთად მოეწვია პრესკონფერენცია და შეთანხმებული განცხადება ასეთ ვითარებაში გაეკეთებინა.

მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ბანკები, თავიანთი ცოდვა–მადლის გათვალისწინებით ქართული ეკონომიკის 60%–ს აფინანსებენ, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ჩვენს საბანკო სისტემას რეგიონში საუკეთესოდ მიიჩნევს. ამიტომ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა გააზრებულად და თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს. მით უმეტეს მინისტრი ბახტაძე იაფი კრედიტით სტარტაპების უზრუნველყოფას, ტექნიკურად საბანკო სისტემის მეშვეობით აპირებს.

დასანანია მინისტრ ბახტაძის წარუმატებელი დებიუტი პოლიტიკოსის ამპლუაში. იგი კულუარული ინფორმაციით პრემიერ–მინისტრობის ერთ–ერთ სავარაუდო კანდიდატად განიხილება და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვფიქრობ თითქოს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ,,ქართული ოცნებისთვის“ უმჯობესი იქნება 2020 წლამდე მისი ჩანაცვლება სხვა პერსონით, ასეთი ალტერნატივების არსებობა ყოველთვის კარგია.

მაგრამ გუშინ იმავე კულუარული ინფორმაციებით გიორგი გახარია განიხილებოდა პრემიერობის კანდიდატად, დღეს უკვე მამუკა ბახტაძე განიხილება, ვიღაც უხილავი ამ შესაძლებლობასაც უარყოფს, ოფიციოზი კი დუმს. ეს არ არის მისაღები. არადა, მამუკა ბახტაძე კარგად განსწავლული, გონიერი მოღვაწეა, მაგრამ პოლიტიკაში ადამიანის შემოსვლას და გასვლას თავისი ლოგიკა აქვს. ეს ლოგიკა გულისხმობს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ადამინმა პოლიტიკაში მოსვლამდე თავისი გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს, კომპეტენტურ მრჩეველთა წრე შემოიკრიბოს, რომელთა შორის პიარ–ტექნოლოგებიც მოიაზრებიან.

მისი გამოსვლების მთავარ მომენტებს, ვთქვათ საბანკო სისტემასთან, ან ეკონომიკასთან მიმართებაში, არამარტო ფინანსისტები და ეკონომისტები უნდა ამოწმებდნენ, არამედ აუცილებლად პიარ–ტექნოლოგებიც, რომლებიც გათვლიან ამა თუ იმ რადიკალური ინიციატივის საზოგადოების მიერ აღქმის ყველა ასპექტს. ამ შემთხვევაში, ასე ჩანს, არ იყო, რის გამოც ერთ დღეს გაკეთებული განცხადება პოლიტიკაში შემოსულმა პერსპექტიულმა ადამიანმა მეორე დღეს უარყო.

ასე პოლიტიკა არ კეთდება. ,,ცდისა და შეცდომის“ მეთოდით ექსპერიმენტების ჩატარება სახელმწიფოს მართვის უმაღლეს დონეზე დაუშვებელია და ,,ოცნებამ“ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომლის რეალური გავლენაც ცხადია პროცესებზე, ეს პრაქტიკა უნდა აღკვეთოს.

ვითარება ქვეყანაში სასურველისგან და სახარბიელოსგან შორსაა, ორი არჩევნები გვიახლოვდება. ,,ოცნების“ მიერ ქვეყნის მართვის გაგრძელება ან მისი სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება მშვიდ და მშვიდობიან გარემოში უნდა მოხდეს, არადა ,,ოცნების“ პოპულარობა და რეიტინგი თანდათან ეცემა.

ასეთ ვითარებაში სიტუაცია არაპროგნოზირებადი ხდება. მით უმეტეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღიად აცხადებს ივანიშვილის ხელისუფლების შეცლის მიზანზე და ამ მიზნიდან გამომდინარე საინფორმაციო სივრცეში დივერსიების განხორციელებასაც არ ერიდება.

სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ქართული საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე ძლიერი დესტაბილიზაციის ფონის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი დესტაბილიზაციის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მტკიცე პოლიტიკურ ორგანიზაციად.

იქ ჯერ კიდევ საუბარია დისციპლინაზე, პარტიულ დისციპლინაზე, მაშინ როცა ამ პარტიაში არ არსებობს შინაპარტიული დემოკრატია და გადაწყვეტილებების დემოკრატიული გზით მიღების მექანიზმები. რიგით წევრებს, მათ შორის პარლამენტარებს, ხელმძღვანელების, თანამდებობის პირების ყველა გადაწყვეტილების უსიტყვო მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, როცა მათ, როგორც აღმოჩნდა, არავინ უსმენს.

ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შესაცვლელია, თუ ,,ოცნების“ ლიდერშიფმა ეს მომენტები არ გაითვალისწინა შედეგი მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს.

სხვა შემთხვევაში, ,,ოცნებას“ ერთადერთი კაცი თუ იხსნის, ეს პიროვნება მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც არ დააყოვნა და სულ ახლახანს ,,ოცნებას“ მაშველი რგოლი გადმოუგდო, საკმაოდ ოსტატურად და ჩვეული ნიჭიერებით ამხილა ჩვენი ეკონომიკის, ბანკების და სოციალური პრობლემების მთელი სპექტრი. მის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების დარაზმვა ივანიშვილს კიდევ ერთ არჩევნებსაც მოაგებინებს.
მაგრამ როდემდე?
ხომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი პოზიციიდან მოიხსნას ან მოხსნან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: