ძალადობისთვის პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მთავარი პროკურატურის ცნობით, ახალციხეში დედასა და ბავშვზე ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 9 აპრილს, სოფელ დვირში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლესა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ, ბრალდებულის ძმამაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს ცნობით, ბოლო სამ თვეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 800-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

Facebook Comments

ახალი დადებული