2019 წლიდან 1 და 2 თეთრიანებს მაღაზიაში ხურდად აღარ დააბრუნებენ

Nusagi

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება და პროცესში თანხის დამრგვალების სისტემა შემოდის. ცვლილებები “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”შედის, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.

გამოცემა კანონპროექტზე დაყრდნობით წერს, რომ დამრგვალების პრინციპი თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას გულისხმობს.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი – 260 000 ლარი; 2 თეთრი – 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს – 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის – 0.033 ლარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა.შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანხის დამრგვალების პრინციპის მხოლოდ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების დროს გამოყენება სწორედ ანგარიშსწორების აღნიშნული ფორმის თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მზადდება და მიმოქცევაში გაიშვება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნებისათვის, მათი მიმოქცევიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროა ნაღდი ანგარიშსწორების “ერთი თეთრის სიზუსტით” განხორციელების პრინციპის “დამრგვალების მეთოდით” შეცვლა. რაც შეეხება, უნაღდო ანგარიშსწორებას, ამ შემთხვევაში დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი”, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2019 წლის 1 იანვარია განსაზღვრული.

Facebook Comments
%d bloggers like this: