ახალი დამატებული

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს

Nusagi

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს.

ანგარიში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა წარუდგინა და იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით აქვს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ძირითად გამოწვევად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეები და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა რჩება.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში. მსგავსი ტრაგედიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხშირი დარღვევა არის სწორედ ის უპირველესი გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წესრიგს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, დაკავებები, იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ასევე, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. „საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებისა და ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების მონიტორინგს, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. მისივე თქმით, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, სადაც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყება სწორედ სუს-ია, დღის წესრიგში მუდმივად დგას გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველაფერს აკეთებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი შეფასებით, 2017 წელი ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით, გარკვეულწილად, კრიტიკული აღმოჩნდა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა.

„ტერორიზმის არაპროგნოზირებადი ბუნებიდან გამომდინარე, საფრთხეების სრულად აღკვეთა პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია ტერორისტული აქტივობების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, რაც დღეს არსებული დინამიური ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან“,– განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ყურადღება სუს-ის კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე გაამახვილა.

მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში.

„ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თავის საქმიანობის განხორციელების ახალი გამოწვევების შესაბამისად, კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა პლენარულ სხდომაზე დახურულ ფორმატში გაგრძელდა. სხდომის დახურვის საკითხი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დასვა და განმარტა, რომ უწყების საქმიანობის დიდი ნაწილი საიდუმლო-ოპერატიულ საქმიანობას შეეხება და დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ანგარიში. თავისთავად, ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ეს უწყება არის ანგარიშვალდებული პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, არის დემოკრატიის საკმაოდ მაღალი სტანდარტი, თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მხოლოდ ეს უწყებაა ანგარიშვალდებული პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, არამედ ჩვენ, დეპუტატებს გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გავერკვეთ, რომ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილი ზოგადად უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში, რაც იყო ღია, საჯარო და ამ უწყებამ, მისმა ხელმძღვანელმა წარმოადგინა იმ ფორმით და იმ ინფორმაციის შემცველობით, რაც ამ უწყებას შეეძლო, რომ საჯარო გაეხადა, თუმცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ უწყების საქმიანობის უდიდესი ნაწილი შეეხება საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობას, რაც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა დეპუტატებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებთან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, ამიტომ, ჩემი წინადადება იქნება, რომ შემდგომი პროცესი გაგრძელდეს დახურულ რეჟიმში, როგორც ეს გავაკეთეთ წინა ორი მოსმენის შემთხვევაში და ასევე, საკომიტეტო მოსმენის დროს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: