ორი ქართველი ბანკირის წლიური ანაზღაურება 9 მილიონ დოლარს აჭარბებს

ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერების სახელფასო ანაზღაურება ყოვეწლიურად იზრდება. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის და ბიჯიო ჯგუფის გენერალური დიტერქტორის ირაკლი გილაურის სახელფასო მონაცემების შესახებ ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები კომერსანტმა  მოიპოვა, რომელიც ემყარება ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშებში წარმოდგენილ ინფორმაციას: BGEO_Annual Report_2017TBC_Annual Report_2017. ორივე კომპანიის აქციები განთავსებულია და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, კომპანიებს აქვთ ვალდებულება წლიურ ანგარიშში დეტალურად წარმოადგინონ ტოპ მენეჯერების შეფასებისა და ანაზღაურების პოლიტიკა, ანაზღაურების სტრუქტურა და მოცულობები.

(ციფრები მოცემულია აშშ დოლარში გადასახადების ჩათვლით.)

ტოპ მენეჯერების მთლიანი ანაზღაურება 2016 და 2017 წლებში

2017 წელს ბიჯიო ჯგუფის (საქართველოს ბანკი) გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურს მთლიანმა წლიურმა შემოსავალმა გადასახადების ჩათვლით შეადგინა 5,097,000 აშშ დოლარი და 2016 წლის მთლიან შემოსავალთან შედარებით გაზრდილია 18%-ით.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის მთლიანმა ანაზღაურებამ 2017 წელს შეადგინა 4,084,000 აშშ დოლარი; 2016 წელთან შედარებით მისი შემოსავალი გაზრდილია 35%-ით.

მთლიანი ანაზღაურების სტრუქტურა ნაღდი ფულისა და კომპანიის აქციების მიხედვით

კომერსანტის ანალიზით, 2017 წელს ბიჯიო ჯგუფის გენერალურდი რექტორის ანაზღაურებამ ნაღდი ფულის სახით შეადგინა 763,000 აშშ დოლარი, რაც მისი მთლიანი ანაზღაურების 15%-ია. ანაზღაურების 85% (4,333,000 აშშ დოლარი) მან მიიღო ბიჯიო ჯგუფის აქციების სახით 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის ბირჟაზე კვოტირებული აქციების ფასის შესაბამისად.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის შემოსავალმა ნაღდი ფულის სახით 2017 წელს შეადგინა 473,000 აშშ დოლარი – მთლიანი ანაზღაურების 12%. მთლიანი ანაზღაურების 88% ანაზღაურდა თიბისი ბანკის აქციების გადაცემის გზით, რომელთა ჯამურმა საბირჟო ღირებულებამ 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლოს – როდესაც მოხდა აქციების გადაცემა – შეადგინა 3,611,000 აშშ დოლარი.

მთლიანი ანაზღაურების სტრუქტურა ფიქსირებული ხელფასის და ბონუსესბის მიხედვით

როგორც კომერსანტმა გაარკვია, ბიჯიო ჯგუფისა და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერების მთლიანი ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსისაგან.

ბონუსის ოდენობა არის ცვლადი და დამოკიდებულია კომპანიის ბორდის მიერ ტოპ მენეჯერის საქამიანობის შეფასებაზე. მენეჯერების საქმიანობის შეფასება ხდება კომპენსაციის კომიტეტის მიერ შემუშავებული და ბორდის მიერ დამტკიცებული კომპენსაციის პოლიტიკის შესაბამისად. კომპენსაციის პოლიტიკაში გაწერილია შეფასების კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური და არაფინანსური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხდება კომპანიისა და ტოპ მენეჯერის მუშაობის წლიური შეფასება და ბონუსების განსაზღვრა.

2017 წელს ბიჯიო ჯგუფის ტოპ მენეჯერის მთლიანი ანაზღაურების 53%-ი იყო ფიქსირებული ხელფასი, რამაც შეადგინა 2,726,000 აშშ დოლარი. დანარჩენი 2,044,000 დოლარი ბიჯიოს გენერალურმა დირექტორმა გამოიმუშავა ბონუსის სახით.

იმავე წელს თიბისი ბანკის ტოპ მენეჯერის ფიქსირებული ხელფასის წილი მის მთლიან ანაზღაურებაში იყო 25% და შეადგინა 1 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად 3 მილიონი დოლარი მან გამოიმუშავა ბონუსის სახით.

ბონუსი ორივე კომპანიის შემთხვევაში მთლიანად ანაზღაურდება მხოლოდ აქციების გადაცემის გზით.

ფიქსირებული ანაზღაურების ნაწილი კი დაყოფილია ნაღდი ფულით ანაზღაურებად და კომპანიის აქციებით ანაზღაურებად: ბიჯიოს ტოპ მენეჯერმა ფიქსირებული შემოსავლის 28% (763,000 აშშ დოლარი) მიიღო ნაღდი ფულის სახით; თიბისის ტოპ მენეჯერმა კი 473,000 აშშ დოლარი მიიღო ნაღდი ფულის სახით, რამაც შეადგინა ფიქსირებული ანაზღაურების 44%.

აქციების გაყიდვის შეზღუდვა

კომერსანტის ინფორმაციით, როგორც ბონუსის, ასევე ფიქსირებული ხელფასის ნაწილში ანაზღაურების სახით მიღებული აქციების გაყიდვა ტოპ მენეჯერებს  შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ბიჯიოს შემთხვევაში ეს პერიოდი შეადგენს 4 წელს, ხოლო თიბისი ბანკის შემთხვევაში 1-3 წელს: ანაზღაურების სახით მიღებული აქციების 10%-ის გაყიდვა შესაძლებელია ერთი წლის გასვლის შემდეგ, 10%-ს გაყიდვა ორი წლის შემდეგ და 80%-ის გაყიდვა სამი წლის შემდეგ.

აქვე მოქმედებს ე.წ. claw back-ის პრინციპები, რომლის მიხედვითაც თუ ეს მენეჯერები კონკრეტულ ვადაზე ადრე დატოვებენ თავიანთ კომპანიებს, მათ ამის გაკეთება გარკვეულ საფასურად მოუწევთ: ვერ მიიღებენ დათქმულ ბონუსს ან მათ შესაძლებელია მოუწიოთ მიღებული ბონუსის ნაწილის დაბრუნება.

საორიენტაციოდ იმისა, თუ როგორ შეიცვალა შარშან ანაზღაურების სახით გაცემული აქციების ფასები: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბიჯიოს აქციის საშუალო ზრდამ შეადგინა 22%, ხოლო თიბისი ბანკისა 30%.

 

წყარო: კომერსანტი

Facebook Comments

ახალი დადებული