დედის დღედ მენელსაცხებელი დედების დღე უნდა დაადგინოს და არა გაურკვეველი 3 მარტი ან 8 მარტი

ჩვენმა სახელმწიფომ დედის დღედ მენელსაცხებელი დედების დღე უნდა დაადგინოს და არა რაღაც გაურკვეველი 3 მარტი ან 8 მარტი.
/დეკანოზი კახაბერ გოგატიშვილი/

,,როცა ვნების კვირას ვისმენთ თხრობას ქრისტეს ვნების, მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შესახებ, ჩვენ მუდამ გვატყვევებს ამ თხრობის ერთი დეტალი: ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩნენ მხოლოდ მცირენი, ძირითადად – ქალები, რომელთა შესახებ სახარებაში თითქმის სხვა არც არაფერია ნათქვამი. ქრისტეს მოწაფეებზე ნათქვამია, რომ ყველა მათგანმა მიატოვა იგი და გაიქცა. პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე. იუდამ გაყიდა იგი.

ამ ქალებისათვის ქრისტეს არ განუცხადებია მომავლის საიდუმლო, როგორც ეს მის მიერ ამორჩეულ თორმეტ მოციქულს განუცხადა; ამ ქალებმა არ იცოდნენ ქრისტეს სიკვდილის არც არსი, არც საიდუმლო მომავალი ძლევამოსილებისა, მომავალი აღდგომისა. მათთვის მოძღვრისა და მეგობრის სიკვდილი იყო სიკვდილი, დასასრული, და, ამასთანავე, საშინელი და სამარცხვინო სიკვდილი, საშინელი დასასრული და რღვევა.

ისინი იდგნენ ჯვართან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ იესო, და, რაკი უყვარდათ, თანაუგრძნობდნენ მას. მათ არ მიატოვეს ეს საწყალი, ნაწამები სხეული, არამედ გააკეთეს ყველაფერი, რასაც ოდითგანვე აკეთებს სიყვარული განშორებისას. იმათ, ვისაც ქრისტემ თხოვა მასთან ერთად ყოფნა საშინელი ბრძოლის ჟამს, როცა, სახარების სიტყვით, „იწყო მწუხარება და ურვა” (მათე, 26:37). მიატოვეს იგი, გაიქცნენ, უარყვეს. ისინი კი, ვისაც ქრისტემ არაფერი თხოვა, დარჩნენ თავიანთი უბრალო ადამიანური სიყვარულის ერთგულნი. „ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა” (იოანე, 20:11). ასე საუკუნეთა განმავლობაში ტირის სიყვარული, როგორც თვით ქრისტე ტიროდა თავისი მეგობრის ლაზარეს საფლავთან.

და აი, ამ სიყვარულმა პირველმა გაიგო გამარჯვების შესახებ; ამ სიყვარულს, ამ ერთგულებას მიეცა შესაძლებლობა, პირველს გაეგო, რომ აღარ იყო საჭირო ტირილი, რომ „დაინთქა სიკუდილი ძლევითა” (1 კორინთ. 15:54) და რომ არ არის და უკვე აღარასოდეს იქნება ეს უიმედო განშორება.

აი, არსი მენელსაცხებლე დედათა კვირისა. იგი გვახსენებს იმის შესახებ, რომ მხოლოდ სიყვარული და ერთგულება ანათებდა მაშინ, იმ უიმედო ბნელში. იგი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სამყაროში არ მოკვდეს და არ გაქრეს არც ერთგულება და არც სიყვარული. იგი განსჯის ჩვენს სულმოკლეობას, ჩვენს შიშს, ჩვენს მარადიულ და მონურ თავისმართლებას. 

გრგვინავდა კაცობრიობის ისტორია, იქმნებოდა და ემხობოდა სამეფოები, იბადებოდა კულტურა, ბობოქრობდა სისხლისმღვრელი ომები, მაგრამ დედამიწას, ამ მღვრიე და ტრაგიკულ ისტორიას ყოველთვის, უცვლელად ანათებდა სახე ქალისა, სახე ზრუნვის, თავდადების, სიყვარულის, თანალმობისა. და ამ მყოფობის, ამ ნათლის გარეშე ჩვენი სამყარო, მიუხედავად მისი წარმატების და მიღწევებისა, მხოლოდ საშინელი სამყარო(ხაზგასმა ავტორისაა) იქნებოდა.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ადამიანის ადამიანურობა გადაარჩინა ქალმა და მას ახლაც იხსნის ხოლმე ქალი, და იხსნის არა სიტყვებით, არა იდეებით, არამედ ამ თავისი მდუმარე, მზრუნველი, მოსიყვარულე მყოფობით. და თუ, მიუხედავად სამყაროში გამეფებული ყველა ბოროტებისა, არ წყდება იდუმალი ზეიმი სიცოცხლისა, თუ იგი ისეთივე სიხარულით იზეიმება ღარიბ ოთახში, ღატაკ სუფრასთან, როგორც სასახლეში, სიხარული და ნათელი ამ ზეიმისა არის მასში, ქალში, მის მარადიულ სიყვარულსა და ერთგულებაში. „ღვინოჲ არა აქუს“ (იოანე, 2:3) და სანამ იგი – დედა, ცოლი, რძალი, – იქაა, ყველას ეყოფა ღვინო, ეყოფა სიყვარული, ეყოფა ნათელი”– დავით მალიძის ფეისბუქ-გვერდიდან.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თარგმნა: ოთარ ზოიძემ

Facebook Comments

ახალი დადებული