გორის პოლიციის უფროსის ცემაში ბრალდებული უზენაესმაც გაამართლა

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გორის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილის მიხეილ ლომიძის ცემაში ბრალდებული რამაზ ქოქოშვილი გაამართლა. თავდაპირველად, რამაზ ქოქოშვილი გორის მოსამართლემ ლევან დარბაიძემ გაამართლა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2016 წლის 2 ივნისს, ნასვამმა რამაზ ქოქოშვილმა ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ, გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლომიძე, იმ მომენტში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მომხდარის გამო პოლიციელმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო (ჯანმრთელობის მოუშლელად), ხოლო ქიქოშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის თქმით, 3 ივნისს, როდესაც ქოქოშვილს აკავებდნენ, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 9 სექტემბერს ქოქოშვილი გაამართლა. ეს განაჩენი პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომაც უცვლელი დატოვა პირველი  ინსტანციის გადაწყვეტილება. პროკურატურამ, საბოლოოდ, უზენაეს სასამართლოს მიმართა.

Facebook Comments

ახალი დადებული