დედაქალაქის მასშტაბით ივლისის ბოლომდე 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

ამის შესახებ, თბილისის მერიის,  ქონების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, საზოგადოებრივ საპირფარეშოების მოწყობას შპს „კონსალტინგ გრუპი“ უზრუნველყოფს, რომელმაც ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი საპირფარეშოები იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი, ანტივანდალური მასალით მოპირკეთებული, ავტომატიზირებული. მისი დასუფთავება მოხდება ისე, რომ ადამიანის ჩართვა არ იქნება საჭირო. ის შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული.

30 ადგილი, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება, დედაქალაქის მერიამ შეარჩია. მათ შორისაა: ჭავჭავაძის გამზირი, სააკაძის მოედანი, ათონელი, რიყის პარკი, ორთაჭალის ავტოსადგური, ბაგების სტუდქალაქი, გურამიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, დიღმის მასივი, კახეთის გზატკეცილი.

„აქცენტი ტურისტულ ზონებზე იყო გაკეთებული, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც ტურისტული ზონა არ არის, მაგრამ არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები“, – აცხადებენ ქონების მართვის სააგენტოში.

ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ფასიანი იქნება, თუმცა ღირებულება ჯერ განსაზღვრული არ არის.

„ფასიანი იქნება, რადგან ინვესტორი ამაში ფულს ხარჯავს, მან უნდა ჩამოიტანოს, დააყენოს, უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა 24 საათიან რეჟიმში. საკმაოდ ძივირი ჯდება“, – განაცხადეს ქონების მართვის სააგენტოში.

Facebook Comments

ახალი დადებული