ბექა ხოფერია პოლიტიკურად აქტიური ოჯახის წევრობის მიზეზით, კრიპტოვალუტის ბირჟაზე დაბლოკეს

ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ხოფერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გუშინ, კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟამ CEX.IO-მ დაბლოკა და განუმარტა, რომ მიზეზი პოლიტიკურად აქტიური ოჯახის წევრობა იყო.

„პოლიტიკური დევნა კრიპტო ვალუტაში. ზოგადად ვფიქრობდი, რომ კრიპტო სამყარო ფეხს მოიკიდებდა პირველ რიგში იმიტომ, რომ იყო დეცენტრალიზებული და შეგეძლო თავისუფლად და მრავალი “ხელების” (ბანკების და შუამავლების) გარეშე გაგეხორციელებინა გადარიცხვები, მაგრამ გუშინ ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟისგან (CEX.IO) მომივიდა წერილი, რომ დაბლოკილი ვიყავი. მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ მბლოკავდნენ. მომწერეს, რომ ვარ წარმომადგენელი პოლიტიკურად ანგაჟირებული ოჯახის… ძალიან სამწუხაროა, რომ სფეროში, რომელსაც ვითომ თავისუფალი და დეცენტრალიზებული ჰქვია, ხელებს აფათურებენ .

ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ არცერთი ჩემი ოჯახის წევრი და არც მე არ ვართ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი!!! ამ მოტივით პირადი ბიზნესის შეზღუდვა კომუნისტური რეჟიმის დროს განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას უფრო ჰგავს. ადამიანის უფლებების და ბიზნესის დაცულობა მე სხვანაირად წარმომედგინა!!!

იშვიათად ვწერ სტატუსებს, მაგრამ ვთვლი რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს!”-წერს ბექა ხოფერია ფესიბუქის საკუთარ გვერდზე. ბექა ხოფერიას დედა, მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია და ძმა-რეზო ხოფერია არცერთ პოლიტიკურ პარტაში არ ირიცხებიან, თუმცა სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან.

როგორც ბექა ხოფერიამ „ინფო ფოსტალიონს” განუცხადა, ის უკვე თითქმის 1 წელია, კრიპტო ვალუტის ბირჟის მომხმარებელია. CEX.IO-ს მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვა კი სრულიად მოულოდნელი იყო.

რატომ შეიძლება დაიბლოკოს მომხმარებელი სოციალურად აქტიური ოჯახის წევრობის გამო, ამის შესახებ რედაქციასაც აქვს კითხვები და შევეცდებით, ბირჟისგან მივიღოთ პასუხი. როგორც ცნობილია, საქართველოში და საზღვარგარეთ, ბევრი მოქმედი პოლიტიკოსია ჩართული კრიპტოვალუტის ბიზნესში.

Facebook Comments

ახალი დადებული