გედევან ფოფხაძე-რომ მიმაჩნდეს უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი

“რომ მიმაჩნდეს, უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი”,– ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობიდან შესაძლო გასვლის კომენტირებისას გააკეთა. მისი თქმით, გუნდში
უამრავი თანამოაზრე ჰყავს და მათ გვერდით იქნება.

ფოფხაძე ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს და პოლიტიკურ გეგმებზე დაზუსტებით ამის შემდეგ ილაპარაკებს.

“დღეს ვარ უმრავლესობის წევრი. უმრავლესობის სხდომა ბევრ რამეს გადაწყვეტს. როცა ვთქვი, რომ მიუღებელია იმ უმრავლესობაში ყოფნა, რომელიც ჩემს ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც გავაპროტესტე, იმ საკითხზე უმრავლესობის პოზიცია ცალსახაა: მათ ნინია კაკაბაძის არჩევა თავის გადაწყვეტილებად არ მიაჩნიათ. ვისაც არ მიუცია ხმა, იმათთან რა მაქვს საჩხუბარი და ვინც ხმა მისცა, იმ ხალხის უმრავლესობაც არ მისცემდა ხმას, რეალური განხილვა რომ ყოფილიყო. უფრო მეტად ის გავაპროტესტე, რომ ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა”,– განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. მაშინ ფოფხაძემ ისიც თქვა, რომ უმრავლესობას დატოვებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული