ზაზა სარალიძე: ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომელი დანით დაჭრეს ჩემი შვილი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურის მიერ დღევანდელ პროცესზე წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება. სარალიძის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომელი დანით მიაყენეს მის შვილს ჭრილობა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ზედაპირულად გადავხედე საექსპერტო დასკვნას. პირდაპირ მიმანიშნებელია, რომ ჩემი შვილის სასიკვდილო ჭრილობაზე ამ დასკვნაში არ წერია, რომელი დანით იყო მიყენებული, ესე იგი, ჯერ შეუძლებელია დადგენა, ვისგან იყო მიყენებული. ეს ორი ბრალდებული, რომლებიც აქ სხედან, ნამდვილად არიან დამნაშავეები, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კიდევ სხვა იარაღი იყო გამოყენებული. ყველაფერი აქვთ, დანები, ტანსაცმელი და ვერ დადგინდა, რომელი იარაღიდან არის ჭრილობა მიყენებული. გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო“, – თქვა ზაზა სარალიძემ.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე წარადგინა. მას, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე გამოიკვლევენ. სწორედ ამ დასკვნას ელოდებოდა მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მოზრადის დაცვის მხარე, რათა თავისი, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს. ადვოკატის თქმით, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ.

Facebook Comments

ახალი დადებული