დადგა დრო გაგიმხილოთ, რომელი ცხოველები გადავაბარგეთ ახალი ზოოპარკის ვოლიერში

თბილისის ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს

მაშ ასე, დადგა დრო, გაგიმხილოთ, რომელი ცხოველები გადავაბარგეთ ახალი ზოოპარკის უმშვენიერეს ახალ ვოლიერში. ამჯერად ახალმოსახლეობა ნიამორებმა და კეთილშობილმა ირმებმა აღნიშნეს.

კავკასიის ჩლიქოსნების ვოლიერის მშენებლობა გერმანიის მთავრობამ დააფინანსა. ვოლიერის ფართობი ჰექტარზე მეტია. ცენტრში ხელოვნური კლდეა ამოწვერილი, სადაც ნიამორებს მეკლდეურობის ბუნებრივი უნარების დახვეწის საშუალება აქვთ. როგორი გარემოა? სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცხოველები ვოლიერში კი არა, ბუნებაში დასეირნობენ. თან როგორაა, იცით? ხელის გულზე კი არ არიან გამოფენილები ყველას დასანახად, კარგა ხანს უნდა იბოდიალო, რომ თვალი მოჰკრა ხეებსა და ბუჩქებს შორის მიმალულებს.

ფოტოებიც ისეთი გამოდის, გულს უხარია. ასე გგონია, ზოოპარკში კი არა, სადღაც, ბუნებაში იღებ… ცხოველების ტრანსპორტირება რთული და შრომატევადი პროცესია. ამგვარ დღეებში ზოოპარკში ყოველთვის დიდი ფუსფუსია. ზოგი პრეპარატებს ამზადებს, ზოგი – ინსტრუმენტებს, ზოგი – თივასა და მანქანას, ზოგიც ფოტოაპარატით დარბის აღმა-დაღმა. გადაყვანისთვის მზადება ცხოველის დაძინებით იწყება. ძილის პერიოდს ვიყენებთ იმისთვის, რომ ცხოველს სრული ვეტშემოწმება ჩავუტაროთ – ვუმუშავებთ ჩლიქებს, ვუღებთ სისხლს ანალიზებისთვის და ვნომრავთ.

ეს პროცედურები ცხოველების იდენტიფიცირებისა და მათი გენეტიკური მონაცემების შეგროვებისთვისაა საჭირო. თბილისის ზოოპარკი კეთილშობილი ირმებისა და ნიამორების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს, რაც ამ სახეობის ცხოველების გამრავლებასა და შემდგომ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. ამისთვის კი მათი გენეტიკური მონაცემების ცოდნა აუცილებელია.

მოკლედ, დიდი ფაციფუცის შემდეგ, ნიამორები და ირმები წარმატებით დავაბინავეთ ახალ ვოლიერში. თავიდან ცოტა დაიბნენ, ეს სად მოვხვდით, რა დიდებული სამოთხეა, სულ მწვანეა და არც მანქანების ხმა ისმისო. მერე ნელ-ნელა შეეჩვივნენ ახალ გარემოს. დადიან, დაცუცუნობენ და ახრამუნებენ ახალამოწვერილ ბალახს. უხდებიან იქაურობას.

როცა ცხოველი ახალ ვოლიერში გადაგყავს ზუსტად იმგვარი შეგრძნება გეუფლება, ახალ ბინაში რომ გადაბარგდები და ცქმუტავ აჟიტირებული. განცდები ერთიათად მძაფრია, თუ მოწკუპულ ერთოთახიანს მშვენიერი მამულებით გარშემორტყმულ ვილაზე ცვლი. ათვალიერებ, ამოწმებ, გეგმავ სად რას გააკეთებ, სად რას დადგამ, სად რას დაკიდებ.

ჩვენც ასე ვართ და ახლა იმას ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე მოვაწესრიგოთ იქაური ინფრასტრუქტურა, რომ თქვენც შეძლოთ ამ სილამაზით ტკბობა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული