გიგი უგულავამ გივი ჭიჭინაძის გამარჯვება აღიარა

„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვანელს და ხონელს, ვინც არჩევნებში მიიღო ნონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ ვინც მხარი დამიჭირა, მენდო და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც ქართული ოცნების ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული ძირითადადათ ამათ ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია ქართული ოცნება არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ  – მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით“ , – ამბობს უგულავა.

„ამის ერთადერთი პრევენცია არსებობს, რომ ჩვენ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ მაგალითად ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც. ამასთანავე, როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟრიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟრიტარი, როგორიც ჰყავს დანარჩენ რაიონებს. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას როგორც რწყილს და არ გავატან ქონს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

28 აპრილს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში (№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეკემბერში ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ განაგრძო.

არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან 5 პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფმა. ეს კანდიდატები იყვნენ: „ქართული ოცნება“ – გივი ჭიჭინაძე, „ევროპული საქართველო“ – გიგი უგულავა, „ტრადიციონალისტები“ – ამირან ქართველიშვილი, „პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული