გიორგი მარგველაშვილის დარბაზიდან გასვლის გამო, პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად დარბაზი მოულოდნელად, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის დროს დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარეს ტექნიკური შესვენების გამოცხადება კონსერვატორების წევრმა გიგა ბუკიამ სთხოვა.

“ჩვენ გვინდა რომ ჩვენს გამოსვლას პრეზიდენტის ისმენდეს. ამიტომ მის დაბრუნებამდე გთხოვთ გამოცხადდეს შესვენება”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

მანამდე, სხდომათა დარბაზში გამოსვლების დროს გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დეპუტატებთან დებატებში შესვლის უფლება მოთხოვა, რასაც კობახიძესა და მარგველაშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტს პასუხის გაცემის საშუალება, რეგლამენტის მიხედვით, ბოლოს ექნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს, რისი საშუალებაც მას არ აქვს.

“სხდომას, რომელიც არ მაძლევს უფლებას შევიდე დეპუტატებთან დისკუსიაში, არ დავესწრები. მიიღეთ გადაწყვეტილება!”, – მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

საბოლოოდ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი თქმით, რეგლამენტში არსად წერია, რომ დებატებისას პრეზიდენტს პასუხის გაცემის უფლება არ აქვს. „გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მივესალმე და ამის თაობაზე იყო დაანონსებული არაერთხელ. ბუნებრივია, რომ პატივს ვცემ და მსურს პასუხი გავცე კითხვებს, რომელსაც პარლამენტი სვამს, როცა ამას მიკრძალავენ, შინაარსს ვერ ვხედავ. შემიძლია, ტელევიზორში ვუყურო სხდომას. ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას, დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეგლამენტში არსად წერია, რომ პასუხის გაცემის უფლება პრეზიდენტს არ აქვს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული