სოციალური ქსელები და მედია

მდინარაძე-პრეზიდენტმა შეიწყალა ოჯახის წევრი რომელსაც 17 წლიდან მხოლოდ 3 წელი მოახდევინა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის წინაშე შემაჯამებელი მოხსენებით გამოსვლა დაუწუნა.

მდინარაძის შეფასებით,პრეზიდენტის გამოსვლაში მთავარი აქცენტები და მიმართულებები ბუნდოვანი იყო:

„ბატონო პრეზიდენტო, ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, ბევრმა ადამიანმა, ალბათ, ვერც კი გაიგო მთავარი აქცენტები, ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა, რა იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ყურადღებას ამახვილებდით. გქონდათ საათზე მეტი დრო, რათა თქვენი ანგარიში თქვენი ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელს, ბოლო გამოსვლის პირობებში ჩაგებარებინათ საზოგადოებისთვის, თუმცა თქვენ ეს შანსი არ გამოიყენეთ, ისევე როგორც სხვა შანსები“,-მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მდინარაძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და მათ შორის ეს ეხება მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხს:

„მაგალითად,რატომაა, რომ ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგან დაახლოებით 70-80%-ზე მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრეებით მძიმე დანაშაულისთვის.

9 და 10 000 პატიმარიდან თქვენ 3 600-ზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში.მაგალითად, შეიწყალეთ ადამიანი, რომლის საქმის განხილვა არ იყო დასრულებული სამივე ინსტანციაში.

შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ მხოლოდ სამი წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც მაგალითად, ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებული, 10-ჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე მხოლოდ 2017 წელს თქვენ ეს გააკეთეთ, 831 მსჯავრდებულზეა ამ წელს საუბარი.

თქვენ მიერ უკანასკნელ წლებში შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, თქვენს მიერ შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა სახის დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე იყო, აქედან 40 ძალადობის და ოჯახში ძალადობის დანაშაული“,– მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა.

2018 წლის ოქტომბერში საზოგადოება ქვეყნის ახალ მეთაურს აირჩევს.

Facebook Comments