ნაპოლეონმა ფორტ ბოიარდი მხოლოდ იმიტომ ააშენა, რომ 90-იან წლებში შოუსთვის გამოეყენებინათ

ფორტ ბოიარდი ციხესიმაგრეა, რომელიც საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე ილ დ’ესა და ილ დ’ოლერონს შორის მდებარეობს. ფორტ ბოიარდი დღეს  ამავე სახელწოდების სატელევიზიო თამაშების შოუს გადაღებების ადგილია.

ბოიარდის სანაპიროზე ციხესიმაგრის აშენების იდეა ჯერ კიდევ მე -17 საუკუნეში არსებობდა, მაგრამ სამუშაოები მხოლოდ ნაპოლეონ ბონაპარტის დროს დაიწყო 1800-იან წლებში.

მშენებლობა 1801 წელს დაიწყო და 1857 წელს დასრულდა. 1967 წელს, ფილმის – “თავგადასავალთა მაძიებელნი” ფინალური სცენა სწორედ ამ ციხესიმაგრის ნაშთებთანაა გადაღებული.

ფორტ ბოიარდი ოვალური ფორმის, 68 მეტრი სიგრძის და 31 მეტრი სიგანის ციხეა. კედლები 20 მეტრი სიმაღლისაა. ცენტრში არის ეზო. ციხესიმაგრის პირველ სართულს იყენებდნენ ჯარისკაცთა საცხოვრებლად და იარაღის საცავებისთვის. ზედა სართულის ოთახებში ასევე იარაღს ინახავდნენ და გამოიყენებოდა ჯარისკაცების საცხოვრებლად, ხოლო კიდევ ზევით ქვემეხები და ნაღმტყორცნები იყო განლაგებული.

ფორტის მშენებლობა პირველად ლუი XIV–ის მიერ განიხილებოდა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაზრდის მიზნით და უნდა განხორციელებულიყო 1661–1667 წლებში. ციხეს უნდა გაემაგრებინა ხაზი ფორტ ენესა და ფორტ დე ლა რადს შორის ილ დ’ეზე, რათა დაეცვა როშფორის არსენალი საზღვაო ინტერვენცისგან.

მე -17 საუკუნეში, არტილერიის შეზღუდული რაოდენობის გამო, კუნძულ ეზე და ოლერონზე საფორტიფიკაციო ადგილებს შორის ცეცხლის ველი ვერ იფარებოდა. ბოიარდის სანაპიროზე ციხესიმაგრეს, დაახლოებით ამ ორს შორის შუა მანძილზე, ეს ხარვეზი უნდა შეევსო.

1692 წელს ფრანგმა ინჟინერმა დესკომბმა დაიწყო პროგრამის შედგენა ფორტის ასაგებად. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რამდენად ძვირი იქნებოდა მშენებლობა, სქემა ვერ განხორციელდა.

ლუი XIV–ის წამყვანი სამხედრო ინჟინერი, ვობანი ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდა და მეფეს განუცხადა: “მეფეო, მთვარის კბილებით დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე ასეთ ადგილას ამხელა ვალდებულების აღება”.

მას შემდეგ, რაც 1757 წელს ბრიტანელებმა ილ დ’ეზე მოახდინეს თავდასხმა, ციხესიმაგრის მშენებლობის გეგმა კვლავ განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა შედგენილი იყო, ლოჯისტიკურმა პრობლემებმა კვლავ აიძულა მშენებლობა მიეტოვებინათ. ძალისხმევა განახლდა ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის დროს, 1800 წელს და მომდევნო წელს ინჟინრებმა, ფერეგომ და არმან სამუელ დე მარესკომ, ასევე, ვიცე-ადმირალმა ფრანსუა ეტიენ დე როსილი–მესრომ შადგინეს პროექტი ფორტის სანაპიროზე ასაშენებლად.

მშენებლობის გაადვილების მიზნით, ფორტის ადგილად ილ დ’ოლერონი შეირჩა. სოფელი ბოიარვილი მუშებისთვის აშენდა. მშენებლობის პირველ ეტაპზე უნდა შეექმნათ საძირკველი, რისთვისაც სანაპიროზე ლოდები მოზიდეს. პროექტი 1809 წელს შეწყდა.

მშენებლობა 1837 წელს, ლუი-ფილიპეს დროს განახლდა, გაერთიანებულ სამეფოსთან დაძაბული ურთიერთობების გამწვავების შემდეგ. საფორტიფიკაციო სამუშაოები 1857 წელს დასრულდა, საკმარისი ადგილით გარნიზონის 250 მამაკაცისათვის. თუმცა, მისი დასრულების დროს, სააარტილერიო აღჭურვილობის სპექტრი გაიზარდა, რამაც ფორტი ეროვნული თავდაცვისათვის გამოუყენებლი გახადა.

1871 წლის შემდეგ, ფორტი ბოიარდი მცირე ხნით სამხედრო საპყრობილედ გამოიყენებოდა, მე -20 საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც იგი საბოლოოდ იქნა მიტოვებული.

დროსთან ერთად ფორტი ნელ–ნელა დაინგრა და განადგურდა, რადგან მას აღარ უვლიდნენ. 1950 წელს ის არქიტექტურულ ძეგლთა ჩამონათვალში შევიდა და 1961 წელს ჩარენტის საზღვაო რაიონულ საბჭოს მიეყიდა.

საბოლოოდ, ციხე-სიმაგრეს არცერთ ეტაპზე  რაიმე მნიშვნელოვანი მისია არ შეუსრულებია.  ხუმრობით იმასაც ამობებენ,  ნაპოლეონმა ფორტ ბოიარდი ატლანტის ოკეანეში მხოლოდ იმიტომ ააშენა, რომ იგი 90-იან წლებში თამაშების შოუსთვის გამოეყენებინათ.

Facebook Comments

ახალი დადებული