მამუკა ბახტაძე: მინდა მოვუწოდო ოპონენტებს ნუ ხარჯავენ დროს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მოუწოდებს ოპონენტებს ნუ ხარჯავენ დროს, რადგან ახალი სამართლიანი თამაშის წესები საქართველოში აუცილებლად დადგინდება და ეს იქნება თავსებადი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ორიენტირია ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში საუკეთესოდ ითვლება.

„არ შემიძლია ჩვენს ბევრ ოპონენტს არ გამოვეხმაურო, რომელმაც ჩვენს ინიციატივაზე სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპის მიკერება სცადა. თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. აქ ჩვენ ორი სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკური განათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ისინი მთელს ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. ჩვენ მოქალაქეების, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება. ამიტომ ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება. ეს სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული