შსს: მოზარდების თვითმკვლელობის არც ერთ საქმეში „ლურჯი ვეშაპის“ კვალი არ იკვეთება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შსს-ს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე ინტერნეტთამაშ “ლურჯი ვეშაპის” შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ივანე კაციტაძის თქმით, ყველა შემთხვევა, რომელიც მოზარდების თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას ეხება, შესწავლილია თუმცა არცერთ ამ საქმეში “ლურჯი ვეშაპის” კვალი არ დგინდება. მისი განმარტებით, თამაშს არ გააჩნია არც ინტერნეტ-აპლიკაციის, არც ვებგვერდის სახე, არამედ ის არის ფსიქოლოგიური დომინანტის დომინირება სუსტ მსხვერპლზე.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ კი თქვა, რომ გასული წლის 30 მაისს მისმა განყოფილებამ ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ან თვითმკველობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო რომელიც დღემდე გრძელდება.

“მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან. შემოვიდა უამრავი კონკრეტული შეტყობინება მანდატურის სამსახურიდან. ასევე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენთან მიმდინარეობდა გამოძიება, განცხადებით მოგვმართავდნენ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, ის პირები, ვისაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონოდა ან სცოდნოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გასული წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. რომ  ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში ,,ლურჯი ვეშაპის” არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა.

Facebook Comments

ახალი დადებული