ვაკის პარკში  სამი პირი დააკავეს

ვაკის პარკში  სამი პირი დააკავეს.

მათ შორის ერთ-ერთი, არსებული ინფორმაციით, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიაა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული,ადმინისტრაციულ პატიმრობით 90 დღემდე ვადით.

სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

დაკავება უშუალოდ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას არ ეხება. ის ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც კომუნისტური სიმბოლიკის მიტანა გააპროტესტეს.

რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას, შსს-ში ამბობებენ, რომ თბილისსა და რეგიონებში პოლიციის თანამშრომლები მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას, მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შეენახათ სიმბოლიკები და ისინიც კანონიერ მოთხოვნას ემორჩილებოდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული